გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ეროვნული იდეის განხორციელებას.
„30 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულმა მოვლენებმა განსაზღვრა ჩვენი, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის დღევანდელობა. ეს იყო დღე, როდესაც ერმა ერთად დგომითა და სულიერი სიმტკიცით დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გაიმარჯვა. ჩვენ სამშობლოს სიყვარულმა გაგვამარჯვებინა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც 30 წლის წინ შიშველი ხელებით იბრძოდა ყველაზე მთავარი ფასეულობისთვის - საქართველოს თავისუფლებისთვის, იბრძოდა წინსვლისა და განვითარებისთვის. მადლობა მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ეროვნული იდეის განხორციელებას.
ჩვენი დღევანდელობა ქართველი გმირების ბრძოლით არის მოპოვებული. სწორედ ამიტომ არ გვაქვს უფლება, არ ვიყოთ ერთ მუჭად შეკრული ძლიერი ქვეყანა, რომელიც იქნება მზად უპასუხოს გამოწვევებს. ჩვენ უნდა შევძლოთ ბრძოლა, როდესაც ამის საჭიროება დადგება და უნდა ვაშენოთ ყოველთვის, ვაშენო თავდაუზოგავად ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, ვაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული, ძლიერი საქართველო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლობას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილით მიმართა. „ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანამიმდევრულობა სჭირდება. წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ქართული სახელმწიფოს წინსვლის შეუქცევადობა მხოლოდ საერთო მიზნისთვის მთელი საზოგადოების დარაზმულობაზეა დამყარებული“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიმართვაში.
ეს ის პრინციპებია, რითაც 30 წლის წინ საქართველომ გაიმარჯვა. ამ პრინციპებით ჩვენ ძლიერ ქვეყანას ავაშენებთ.