საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიენ მორი პასკიეს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი.
როგორც შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს 29-30 აპრილს ეწვევა და ვიზიტის ფარგლებში გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერმინისტრთან და ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
„30 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტი, ქალბატონი ლილიან მორი პასკიე სიტყვით მიმართავს საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო სესიაზე.
დღევანდელ შეხვედრაზე, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი იქნება საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროში ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლის შესახებ ცნობადობის ამაღლებას“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით სტრასბურგში იმყოფება, სადაც 8-12 აპრილს, მონაწილეობას იღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო (PACE) სესიის მუშაობაში.