საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ფილოსოფოსის, მთარგმნელისა და მწერლის ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
გიორგი კვირიკაშვილი გარდაცვლილის ოჯახს და მთელ საქართველოს უსამძიმრებს.
„ძნელია, მოძებნო სიტყვები, ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალებით გამოწვეულ დანაკლისს რომ გამოხატავს - ფილოსოფოსი, მოაზროვნე, მთარგმნელი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, უბრალოდ, დიდი ადამიანი - კაცი, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ერის ინტელექტუალურ და სულიერ ცხოვრებაში. მსოფლიო შედევრთა თარგმანები და სამეცნიერო ნაშრომები მის სიცოცხლეშივე იქცა ქართული კულტურის საგანძურად. ვუსამძიმრებ ბაჩანა ბრეგვაძის ოჯახს და მთელ საქართველოს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კომისიის შექმნა დაავალა. კომისიის მუშაობაში ასევე ჩართულია თბილისის მერია. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
http://reportiori.ge/inside.php?menuid=6&id=53