„როგორც აღდგომა მოჰყვება ვნების კვირასა და ქრისტეს ჯვარცმას, ასევე, რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა და ეფუძნება 9 აპრილის მსხვერპლსა და ტრაგედიას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გამართულ მიღებაზე განაცხადა, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისთვის მიღება გაიმართა.
მისი თქმით, არ შეიძლება, არ ახსოვდეს საზოგადოებას და არ იცოდეს ახალგაზრდობამ იმ ადამიანების თავგანწირვის შესახებ, რომლებმაც თავისუფლება მოგვიტანეს.
„9 აპრილი არის თარიღი, რომლის მიმართ თითოეულ ქართველს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. 9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში ტრაგიკული თარიღია. ეს დღე გადატანილ განსაცდელს გვახსენებს, მაგრამ ტრაგედია გვაძლიერებს. მთელი ჩვენი ისტორია ამას მოწმობს. 9 აპრილიც ამის მაგალითია. ამ ტრაგედიამ მოგვცა ძალა, რომ დაგვეძლია საბჭოთა იმპერიის ტყვეობა და შეგვექმნა საძირკველი დამოუკიდებლობისთვის.
9 აპრილის გარეშე, შესაძლოა, არც რეფერენდუმი ყოფილიყო, არც მაშინდელი და არც დღევანდელი დამოუკიდებლობა. როგორც ვნების კვირასა და ქრისტეს ჯვარცმას მოჰყვება აღდგომა, ასევე, რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა და ეფუძნება 9 აპრილის მსხვერპლსა და ტრაგედიას. დღევანდელი საქართველო მათ მონაპოვარზე დგას. არ შეიძლება, არ ახსოვდეს საზოგადოებას და არ იცოდეს ახალგაზრდობამ იმ ადამიანების თავგანწირვის შესახებ, რომლებმაც თავისუფლება მოგვიტანეს. არ შეიძლება, საზოგადოება არ გამოხატავდეს პატივისცემას პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიმართ, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სათავეში იდგა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.