logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: სტამბოლის კონვენცია საუკეთესო მექანიზმია, რათა აღმოვფხვრათ გენდერული ძალადობა
- +

9 აპრილი. 2019. 21:42

 

„სტამბოლის კონვენცია არის ინსტრუმენტი, ეხმარება ქალებს სექსუალური ძალადობისგან დაიცვან თავი, თუმცა ამ გამოწვევას ქალი და კაცი პარლამენტარების ერთობლივი მუშაობა სჭირდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

დეპუტატმა გენდერული თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ​მისი თქმით, დღეს ქალები სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან, რადგან შევიწროების საკითხი პრობლემურია, რადგან ქალების დიდი ნაწილი ამაზე ხმამაღლა საუბარს დამატებითი გართულებების გამო ერიდება.

 

თამარ ჩუგოშვილმა ის სტატისტიკაც მოიშველია, რომელიც გასულ წელს ევროპულ პარლამენტებში არსებულ ვითარებას აღწერს.

 

„გასულ წელს შოკირებულები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, თუ რა ხდება ევროპულ პარლამენტებში სექსუალური შევიწროებისა და ქალების მიმართ ძალადობის კუთხით. კვლევამ აჩვენა, რომ ქალი პარლამენტარების 85% საქმიანობისას ფსიქოლოგიურ ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, 47%-მა ისაუბრა სიკვდილით მუქარაზე, 58 % თავდასხმების მსხვერპლი გახდა ონლაინ სივრცეში. 67% გახდა სხვადასხვა სახის კომენტარების მსხვერპლი, 24% სექსუალურ, 14 % კი, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობდა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს და არ დაგვავიწყდეს ეს მაჩვენებლები, რათა ვიცოდეთ, რა საშიშია ეს ყველაფერი.

 

სტამბოლის კონვენცია საუკეთესო მექანიზმია, რათა აღმოვფხვრათ გენდერული ძალადობა. 2017 წელს ჩვენ მოვახდინეთ მისი რატიფიცირება და მალევე ვნახეთ ამ მხრივ მკაფიო ცვლილებები. ეს ინსტრუმენტი ეხმარება ქალებს სექსუალური ძალადობისგან დაიცვან თავი, თუმცა ამ გამოწვევას ქალი და კაცი პარლამენტარების ერთობლივი მუშაობა სჭირდება. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენი პარლამენტის წევრებს, რომ ამ პრობლემის მასშტაბი კარგად გაიაზრეს, თუმცა ვთვლით, რომ მას უფრო ეფექტურად უნდა ვებრძოლოთ, მათ შორის არამხოლოდ აქ, არამედ ეროვნულ პარლამენტებში ევროპის მასშტაბით“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა გამოსვლისას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner