9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ტრაგიკული ღამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში, წლების განმავლობაში გრიფით საიდუმლო დოკუმენტები ინახებოდა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციამ - "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) გაასაჯაროვა. აღნიშნული დოკუმენტები IDFI-ის ამერიკულმა პარტნიორმა კვლევითმა ორგანიზაციამ, „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ მიაწოდა.
დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების სხვადასხვა სამსახურების მიერ, მათ შორის: დაზვერვის დირექტორატის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, მოსკოვში აშ-ის საელჩოს და სხვათა მიერ, 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს. დოკუმენტებში განხილულია 1989 წლის 9 აპრილამდე განვითარებული მოვლენები, რომლებმაც სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიეს.