სოციალურ ქსელში facebook გვერდი „მადლობა თავისუფლებისთვის“ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ეკა ბეჟანიშვილის შესახებ წერს:
„ეკას, კომაროვის სკოლის მეათე კლასის მოსწავლეს, მომავალი პროფესია უკვე არჩეული ჰქონდა: საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე უნდოდა ჩაბარება.
ბავშვობიდან იზიდავდა ტექნიკური საგნები. მუსიკის სიყვარულში ამას ხელი არ შეუშლია - მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრა, ფორტეპიანოზე დაკვრა შეისწავლა. მხიარული ბუნებისა იყო და უმეტესად ასეთივე ნაწარმოებებს ასრულებდა. ცეკვაზეც დადიოდა. განსაკუთრებით უყვარდა „შალახო“. აქტიური, ბობოქარი, ემოციური გოგონა იყო, თუმცა, იმავდროულად, დამთმობიც. ფეხბურთი იტაცებდა და თვითონაც სიამოვნებით თამაშობდა ეზოში.
ზრუნავდა ადამიანებზე, ბუნებაზე. ერთხელ, დავითგარეჯში ექსკურსიაზე ჩასულმა, საკუთარი ხელით დაასუფთავა იქაურობა. თუ ვინმე ცუდად იყო ან რამე უჭირდა, ყველას შინ წაყვანაზე ოცნებობდა - დედა მოუვლისო. წერდა დღიურებს, სადაც ბევრ საინტერესო ფრაზას ამოიკითხავდით. აი, ერთი მათგანი: „ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ ამქვეყნად კვალი არ დატოვოს“, - წერს სოციალურ ქსელში facebook გვერდი „მადლობა თავისუფლებისთვის“.