„20 წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო კარდინალური გარდაქმნა და დღეს აღმავალ ქვეყნად წარმოვჩინდებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანას ბოლო 20 წლის განმავლობაში ჰქონდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ გამოწვევებთან გამკლავებაში დიდი როლი ითამაშა ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობამ.
„ევროსაბჭოში საქართველოს გაერთიანების დღიდან ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო კარდინალური გარდაქმნა და დღეს აღმავალ ქვეყნად წარმოვჩინდებით. 20 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა წინ და ევროსაბჭოში გაწევრიანებისას მთელი რიგი ვალდებულებები ვიკისრეთ. ამ ვალდებულებების ფარგლებში საქართველომ პირობა დადო: შეექმნა პირუთვნელად დემოკრატიული სახელმწიფო, გაეძლიერებინა სამართლის უზენაესობა; განეხორციელებინა სასამართლო რეფორმა; ებრძოლა კორუფციის, წამებისა და არაჯეროვანი მოპყრობის წინააღმდეგ; უზრუნველეყო გამოხატვის და მედიის თავისუფლება; დაეცვა უმცირესობები და გაეძლიერებინა ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმები.
საქართველომ წინსვლა იქონია ყველა ამ მიმართულებებით ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით. ეს შესაძლებლობა მინდა გამოვიყენო და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო საპარლამენტო ასამბლეას, მინისტრთა კომიტეტს, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესს, ვენეციის კომისიას, ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარს და ადამიანის უფლებების მონიტორინგის სხვა ორგანოებს. როგორც უკვე ვთქვი, ბევრი რამ შევძელით ერთად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.