„რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება არავითარი ლეგიტიმაციით არ სარგებლობს - შესაბამისად, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არანაირი სამართლებრივი შედეგი არ შეიძლება მოჰყვეს“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ „კანონს“ საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვის შესახებ.
„თავისთავად ეს კარგი გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამას არალეგიტიმური ხელისუფლება იღებს, მთლიანად უკარგავს მას შინაარსს. სამწუხაროდ, ჩვენ ამ გადაწყვეტილების არმიღებისათვის ვერაფერს გავაკეთებთ, მაგრამ მას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს. საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ფლობენ საკუთრებას, ქონებას და სამწუხაროდ, დღესაც, სრულიად არაკანონიერად არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი უფლებებით ისარგებლონ. ეს დღესაც ასეა და ამის გაგრძელებასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება მაქსიმალურად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ტერიტორიული პრობლემები საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სამშვიდობო პოლიტიკით მოვაგვაროთ“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.