„600 000 მოქალაქისთვის სესხის დაფარვას არანაირი კავშირი არ აქვს ამომრჩევლის მოსყიდვასთან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატებისას განაცხადა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა საქართველოს პრემიერს კითხვა დაუსვა, რომ შეშფოთება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების წინ 600 000 მოქალაქისთვის სესხების დაფარვა ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენდა.
„არანაირი კავშირი ამომრჩევლის მოსყიდვასთან ამას არ აქვს. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მე, როგორც ფინანსთა მინისტრმა მოვახდინე ამ საკითხის ინიცირება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აგვისტოში განვაცხადე, რომ ეკონომიკურ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობდა 600 ათასზე მეტი ადამიანი, რადგან ისინი „შავ სიაში“ იყვნენ. ეს პროგრამა იყო ძალიან წარმატებული და ნება მომეცით გავიმეორო, რომ ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული არჩევნებთან. ჩვენ ამ პროგრამაზე გაცილებით ადრე განვაცხადეთ, ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.