logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ვახორციელებთ განათლების სისტემის რეფორმას, რომელიც რევოლუციური და გარდამტეხია
- +

10 აპრილი. 2019. 16:04

 

„ორი ძირითადი გამოწვევა, ოკუპაცია და სიღარიბე, გახდა ჩემი სახელმძღვანელო პრინციპი და საფუძველი ყველა იმ ინიციატივისა და რეფორმისა, რომელსაც ვახორციელებთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ხშირად ვამბობ, რომ ორი ძირითადი გამოწვევა გვაქვს საქართველოში: ოკუპაცია და სიღარიბე. ეს გახდა ჩემი სახელმძღვანელო პრინციპი და საფუძველი ყველა იმ ინიციატივისა და რეფორმისა, რომელსაც ვახორციელებთ. ერთ-ერთი რეფორმა მათ შორის ნამდვილად რევოლუციური და გარდამტეხია. ეს არის განათლების სისტემის რეფორმა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

ბახტაძის თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში განათლება რეალურ სისუსტეს წარმოადგენდა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩამორჩებოდა თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს.

 

„განათლების სექტორის რეფორმისთვის ვაპირებთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მეტი წილის გამოყოფას. ეს ინიციატივა წელს იწყება და მშპ წილობრივად 6 პროცენტამდე გაიზრდება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედს წარმოადგენს. ეს ვალდებულება კანონმდებლობით განისაზღვრება, რათა ყველა შემდგომმა მთავრობამ კაპიტალდაბანდება მოახდინოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, იმ ხალხის განვითარებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ავითარებს და რომელმაც ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი გააკეთა და გვაძლიერებს ევროპული მისწრაფებების მიღწევაში. ადამიანური კაპიტალის განვითარებაა ის გამოსავალი, რაც არსებული გამოწვევების მოგვარებას განაპირობებს. მხოლოდ განათლებული პროფესიონალები შეძლებენ ჩვენი ქვეყნის გაზრდას იმ სიმაღლეებამდე, რაც მომავალი თაობებისთვის გვაქვს დასახული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner