logo_geo
eng_logo
დღეს ‘’ქართველ შევარდენთა ლეგიონის’’ დაარსებიდან 30 წელი შესრულდა
- +

10 აპრილი. 2019. 19:50

 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, უწყების თანამშრომლებთან და ‘’ქართველ შევარდენთა ლეგიონის’’ მებრძოლებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაცემულ გმირებს პატივი მიაგო.  ‘’ლეგიონერებმა’’ და სამსახურის თანამშრომლებმა დაღუპული თანამებრძოლები ‘’საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე’’გაიხსენეს, სადაც დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი დეკანოზმა არჩილმა (ლურსმანაშვილმა) აღავლინა, რომელიც თავადაც ‘’ქართველ შევარდენთა ლეგიონის’’ წევრი იყო.

 

ღონისძიების დასასრულს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართა მიღება, სადაც ‘’ქართველ შევარდენთა ლეგიონის’’ მეთაურმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, ელგუჯა წიკლაურმა და სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ღვაწლი, რომელიც ‘’ლეგიონს’’ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მიუძღვის. ნაჩვენები იყო, 1993 წელს, აფხაზეთში გადაღებული ვიდეოკადრები, რომლებზეც ‘’ლეგიონის’’ მებრძოლები და სხვადასხვა საბრძოლო ეპიზოდები იყო ასახული.

 

1989 წლის ზაფხულში, თბილისში,  დ. აღმაშენებლის გამზირის მხრიდან, ‘’ლეგიონერებმა’’ დაიკავეს საარტილერიო სასწავლებლის შენობის 100-მეტრიანი სიგრძის მონაკვეთი და მთელი შენობის სიგრძეზე გააკრეს პლაკატი:  ,, ქართველ შევარდენთა ლეგიონის შტაბბინა - დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორია!''

 

,,ქართველ შევარდენთა ლეგიონში“ მოხალისედ დაიწყო სამსახური არა ერთმა გამოჩენილმა ოფიცერმა, რომელთაც შემდგომ, ქვეყნისათვის სამსახური სხვადასხვა საბრძოლო შენაერთში განაგრძეს და უმაღლეს სამხედრო წოდებასაც მიაღწიეს. 

 

დაარსების დღიდან,  ,,ქართველ შევარდენთა ლეგიონი'' მონაწილეობდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის  წარმოებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში და, ასევე, აქტიურად იყო ჩართული ქვეყნისათვის მნიშვნელოვან არა ერთ სფეროში.

 

საქართველოსთვის თავდაუზოგავი ბრძოლების შედეგად, ‘’ლეგიონმა’’ ბრძოლის ველზე, 24 ჯარისკაცი დაკარგა, 2 კი _ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დიდება გმირებს!

right_banner right_banner
არქივი
right_banner