logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: 20 წლის წინ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანება იყო ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში
- +

10 აპრილი. 2019. 19:51

 

„ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანება 20 წლის წინ იყო ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული ფურცელი გველოდება კიდევ მომავალში ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრასბურგში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მისი გამოსვლა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საქართველოს წარმატებებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

 

„გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც განვახორციელეთ და რომელიც დაგვეხმარა, მოგვეხდინა საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია, ინსტიტუტების გაძლიერება, დაახლოება ევროპულ სტანდარტთან. ამავე დროს, ჩვენ ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ. მე ვისაუბრე ასევე ჩვენს ყველაზე მრკივნეულ გამოწვევაზე - რუსულ ოკუპაციაზე. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა ორივე რეგიონში და მქონდა დღეს შესაძლებლობა, რომ ეს ტრიბუნა გამომეყენებინა და ევროპელი მეგობრებისთვის მიმეწოდებინა რეალური და ზუსტი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობის, ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ, ამავე დროს, იმ სამშვიდობო ინიციატივებზე, რომელსაც ვახორციელებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, რაც დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად საქართველოში გატარებული რეფორმების აღიარებას ნიშნავს.

 

„ჩვენ წლის ბოლოს ვხდებით თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს აღიარება იმ რეფორმებისა, რომელიც ჩვენ გავატარეთ. გარდა ამისა, ეს არის აღიარება იმისა, რომ ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ გავატარებთ, იქნება ასეთივე წარმატებული და საქართველო გააგრძელებს სვლას ევროპისკენ. ჩვენ დღეს რა თქმა უნდა, გვსურდა, ჩვენი უნიკალური კულტურის დემონსტრირება კიდევ ერთხელ გაგვეკეთებინა და მინდა ანსამბლ „რუსთავის“ წევრებს მადლობა გადავუხადო. ამავე დროს, დღეს არის სიმბოლური დღე - 20 წლის წინ საქართველო გახდა ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის წევრი და მე პირადად გუშინდელი დღესავით მახსოვს ეს მოვლენები”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner