თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს უმრავლესობა და „ქართული ოცნება“ დატოვეს.
როგორც ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, გადაწყვეტილება მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.
„ძალიან კარგად ვნახეთ, რომ მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე, თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი, ლევან გოგიჩაიშვილისა და ჩვენი თანამოაზრეების გადაწყვეტილება კი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე წყლის დასხმა. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
ჯიშკარიანი და შაქარიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას „დაიცავი საქართველოს“ უერთდებიან.
ამასთან, როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა აღნიშნა, უკანასკნელ პერიოდში სახეზეა მორალური ფასეულობების გადახედვის უხეში მცდელობა.
„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია შავის თეთრად წარმოჩენა, მიუღებელია მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილის სამართლიანობის მაგალითად გასაღება. ჩემთვის მიუღებელია პრინციპული და ღირსეული ადამიანების მრავალწლიანი ბრძოლის უშედეგოდ გამოცხადება, მათი დაკნინებისა და „ნაცებად“ დასახელების მცდელობა. ჩემთვის მიუღებელია სააკაშვილ-ადეიშვილის ჯალათების „გაპრავება“, ეს ყველაფერი კრიტიკულ წინააღმდეგობაშია 2012 წლის იდეალებთან და იმ დაპირებებთან, რომელიც სულ ახლახან, მეორე ტურის წინ გაიცა. სწორედ ამიტომ ვტოვებთ „ქართული ოცნების“ უმრავლესობას და 13 აპრილს, 14:00 საათზე, ვუერთდებით „დაიცავი საქართველოს“ შეკრებას“, - განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.