საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 11-16 აპრილს კობა გვენეტაძე შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟენგთან, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა-მარტინსთან, სსფ-ის ჰოლანდიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან და მისიის სხვა წევრებთან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კობა გვენეტაძე სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სსფ-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში „მმართველთა საუბრები“. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლის თემაა – „საქართველოს გამოცდილება ინფლაციის თარგეთირების მიმართულებით”.
ასევე, აშშ-ში ვიზიტისას დაგეგმილია კობა გვენეტაძის შეხვედრები სსფ-ის ფულად-საკრედიტო და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტისა და აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სამუშაო შეხვედრებში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის, კრისტინ ლაგარდის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. კრისტინ ლაგარდი თბილისს მაისის მეორე ნახევარში ეწვევა.
საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტიანობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.