logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ხიბულა, ანუ გზა იქიდან უნდა გაგრძელდეს, სადაც ის შეწყდა
- +

11 აპრილი. 2019. 13:02

 

29 მარტს ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის ჩასვლით და იმ ტრაგიკული ადგილის მონახულებით, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია აღესრულა, ვფიქრობ, ის ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა, რითაც საქართველოს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს.

 

„ორი დღის შემდეგ მნიშვნელოვანი თარიღი დგება, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას ოთხმოცი წელი შეუსრულდებოდა.

 

ეს დღე ბევრ მივიწყებულ ტკივილს გაგვიღვიძებს, ბევრ რამეს გაგვახსენებს და ჩვენ მართლაც გვჭირდება სერიოზული დაფიქრება და უახლოესი წარსულის სწორი ანალიზი. იმ უახლოესი წარსულის, რომელიც სწორედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ტრაგიკული ისტორიით იწყება. როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, რომელმაც რეალობად აქცია მრავალი თაობის ოცნება და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ცოტა ხანში სწორედ ამ დამოუკიდებელ საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა ისევ საკუთარი თანამემამულეებისგან დაუნდობლად დევნილი.

 

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას _ ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს“, – ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება, ფაქტობრივად, ახალი პოლიტიკური მიმართულების იდეოლოგიური პლატფორმის ერთგვარი პროექტია, რომლის ხორცშესხმასაც აპირებს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში.

 

ბიძინა ივანიშვილმა ხიბულაშიც გაიმეორა მისი ბოლოდროინდელი განცხადებების მუდმივ რეფრენად ქცეული ფრაზა - ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

 

ამ პრინციპით თავისი ნამდვილი სახელი უნდა დაერქვას არამარტო „ნაცმოძრაობის“ ცხრაწლიან რეჟიმს, არამედ გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარ მოვლენებსაც.

 

ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ აუცილებელია დადგინდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიკვდილის გარემოებები, რაც, საბოლოო ჯამში, იმის მოთხოვნამდე დადის, რომ გაირკვეს, ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა თუ მოკლეს?

 

ამ კითხვას, რა თქმა უნდა, კვალიფიციური და ობიექტური გამოძიების საფუძველზე აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ არსებობს გამსახურდიას ტრაგიკული აღსასრულის განმაპირობებელი დრამატული მოვლენები, რომლებსაც არც გამოძიება ჭირდება, არც სკრუპულოზური გამოკვლევა _ ყველაფერი ზედაპირზე დევს, ყველაფერი სახეზეა, უბრალოდ, საჭიროა ამ ყველაფრისთვის თავისი ნამდვილი სახელის დარქმევა, როგორც ამას ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბრძანებს.

 

ზვიად გამსახურდია თუ მოკლეს, ის მოკლა ყველამ, ვინც 90-იან წლებში იარაღი აიღო ხელში და დამოუკიდებლობის გზაზე ახალფეხშედგმულ საქართველოს ომი გამოუცხადა.

 

ზვიად გამსახურდიამ თუ თავი მოიკლა, ის თვითმკვლელობამდე მიიყვანა ყველამ, ვინც მას იარაღით გამოეკიდა და ხიბულის ჩიხთან მიმწყვდეულს გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვა.

 

90-იან წლებში მომხდარი დანაშაული - ეს არის კოლექტიური დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე, როცა ქართველთა ერთმა ნაწილმა საკუთარი სამშობლო დაიპყრო, კანონიერად არჩეული მისი ხელისუფლება დაამხო, ქვეყნის პრეზიდენტი კი მოკლა ან მეორე ვარიანტით, თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

 

ამ კოლექტიურ დანაშაულს, ცხადია, ჰყავდა თავისი „გლავარები“, თავისი ბოსები და ლიდერები, რომლებიც საკუთარ სამშობლოზე და საკუთარ ხალხზე ამ „ძლევამოსილი“ გამარჯვების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ და მთელი ათი წელი ყვლეფდნენ და ძარცვავდნენ ქვეყანას.

 

თუმცა, რატომ მხოლოდ ათი წელი და არა ათ წელს პლუს სააკაშვილის სისხლიანი „მეფობის“ კიდევ ცხრა წელი?

 

სააკაშვილი შევარდნაძის პირდაპირი სამართალმემკვიდრეა, მის მიერ ხელდასხმული, მის მიერ გზადალოცვილი, რომელმაც შევარდნაძის სისხლიანი რეჟიმი სახელოვნად გააგრძელა და შევარდნაძის მიერ დახვავებულ ქართველთა გვამებს ორი იმდენი დაამატა.

 

ამდენად, ათი კი არა, სინამდვილეში ცხრამეტი წელი გასტანა სამხედრო გადატრიალების გზით მოსული კრიმინალურ-პოლიტიკური ძალების თარეშმა საქართველოში და მას მხოლოდ 2012 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დაესვა წერტილი.

 

ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ სააკაშვილი კი არ დაუმარცხებია, არამედ მან დაასრულა სამხედრო გადატრიალების გზით მოსული ორი მოძალადე ხელისუფლების ცხრამეტწლიანი პერიოდი.

 

ზემოხსენებული კოლექტიური დანაშაულის მოთავეთა და აქტიურ მონაწილეთა ერთი ნაწილი დღესაც ცოცხალია და დღემდე სარგებლობენ გარკვეული პრივილეგიებით - თითქოს საკუთარი სამშობლოს დამარცხებით და გაპარტახებით ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეები გააკეთეს და ამ დიდი „დამსახურებისთვის“ სიცოცხლის ბოლომდე პატივში უნდა გვყავდნენ.

 

ისინი ყველგან არიან _ პოლიტიკაში, ბიზნესში, მედიაში, საზოგადოებრივ გაერთიანებებში, სასამართლოებში, პროკურატურაში, სამართალდამცავ ორგანოებში და ა. შ.

 

ბიძინა ივანიშვილმა ხიბულაში ჩასვლით, ფაქტობრივად, დისტანცირება მოახდინა იმ ძალებისგან, რომლებმაც საბედისწერო როლი ითამაშეს გასული საუკუნის 90-იან წლებში დატრიალებულ ტრაგიკულ პროცესებში და ქართული სახელმწიფოს წინსვლა და განვითარება ათეული წლებით დაამუხრუჭეს და უკან დახიეს.

 

სწორედ ამ ძალებისგან დისტანცირებით უნდა აიხსნას ზოგიერთი პერსონის მოულოდნელი დაპირისპირება და გალაშქრება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

 

პუტჩისტები და მისი იდეოლოგიური მხარდამჭერები, ცხადია, ვერ შეეგუებიან იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადადგა ზვიად გამსახურდიას ღვაწლის წარმოსაჩენად, რასაც აუცილებლად მოჰყვება 90-იან წლებში მომხდარი ტრაგედიის ფართო და სრულფასოვანი ანალიზი, რაც კატასტროფაა მათთვის, რადგან დგება საშიშროება, რომ კიდევ ერთხელ გაიშიფროს და დღის სინათლეზე გამოვიდეს მათი ნაავკაცარი.

 

საზარელი, საშინელი, სულისშემძვრელი ამბები დაატრიალეს 90-იან წლებში ვითომ გამსახურდიას დიქტატურის (!) დასამხობად და ვითომ დემოკრატიის დასამყარებლად საქართველოს შესეულმა ქართული წარმოშობის ბანდებმა, რომლებიც გაუგონარი სისასტიკით უსწორდებოდნენ თავიანთ ძმებს, ქართველებს, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას უჭერდნენ მხარს.

 

ქვეყნის ნგრევა-პარტახი, უამრავი მსხვერპლი, ციხეებში ჩაყრილი ათასობით უდანაშაულო ადამიანი, ქვეყნიდან იძულებით გაქცეული ათიათასობით ქართველი, საკუთარი სახლ-კარიდან აყრილი და ლტოლვილებად ქცეული მოსახლეობა, დაკარგული ტერიტორიები _ აი, არასრული ჩამონათვალი იმ უბედურებებისა, რაც ზემოთნახსენები ბანდების და კრიმინალური დაჯგუფებების, „დემოკრატიისთვის მებრძოლი“ ფსევდო-პოლიტიკოსების და ინტელიგენციის ერთი მედროვე ნაწილის „გმირული საქმეების“ წყალობით მოუშუშებელ ჭრილობად დარჩა საქართველოს სულსა და სხეულზე.

 

ბიძინა ივანიშვილის მიმართვით, როგორც წერილის დასაწყისში ვთქვით, ახალი ეტაპი დაიწყო და ახალი მიზანი გამოიკვეთა - ეს არის ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე ორიენტირებული იმ ახალი ყაიდის ქართული სახელმწიფოს შექმნა, რომელზეც ოცნებობდა და რომელსაც შეეწირა ზვიად გამსახურდია.

 

„ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა“, - ასეთი საოცარი სიტყვები უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ხიბულელებს.

 

არ არის გამორიცხული, როცა 2020 წლისთვის თვისობრივად ახალი ქართული სახელმწიფოს მშვენიერი შენობის კედლები უკვე ამოყვანილი იქნება, ბიძინა ივანიშვილმა იგივე სიტყვები უთხრას ქართველებს, რაც ხიბულაში თქვა: ჩათვალეთ, რომ ეს შენობა მხოლოდ მე კი არა, პირველ ყოვლისა, ზვიად გამსახურდიამ და იმ გმირებმა აგიშენეს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გაწირეს სიცოცხლე.

 

 

ვახტანგ ხარჩილავა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner