logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: კანჯიოღლის მამა, ომის მერე, სისასტიკისთვის ქართველებმა მოკლეს!
- +

30 მაისი. 2016. 01:15


29 წლის რაშიდ კანჯიოღლი ტყვარჩელელი გათურქებული ლაზია. მამამისი რაულ კანჯიოღლი ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი ომის მერე, სასტიკი მოქცევის გამო, ქართველებმა მოკლეს, თუმცა კონკრეტულად ვინ, არ ვიცი. ასევე, მას არასრულწლოვნის გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს, რის გამოც სახლიც კი გადაუწვეს. როგორც ვიცი, ამირინ დუხინის სახელითა და გვარით გადავიდა რუსეთში. ახლა ამ წუთში, რა სახელი და გვარი აქვს, არ ვიცი. ქალაქი, მე მგონი, იმავე დღეებში დატოვა," - აცხადებს მამუკა არეშიძე აფხაზ ე.წ. „მესაზღვრეზე", რომელმაც გასულ კვირას გიგა ოთხოზორია ხურჩასთან ცინიკურად მოკლა.


ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნლად გამოცხადებულმა აფხაზმა, ე.წ. „მესაზღვრე" რაშიდ კანჯიოღლიმ საზღვარი გადაკვეთა და რუსეთში იმალება. სპეციალისტები მართლმსაჯულების წინაშე მის წარდგენას სკეპტიკურად უყურებენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიას, ერთადერთი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის კომისიის იმედი აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ ესეც დროში გაიწელება.


მკვლელობა, რომელიც გასულ ხუთშაბათს შუადღეს ხურჩასა და ოკუპირებულ ნაბაკევს შორის არსებულ ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მოხდა, იქვე არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერებშია დაფიქსირებული, სადაც ჩანს, როგორ გადმოდის 4 სამხედროფორმიანი ხურჩაში, მათგან ერთი როგორ არტყამს, მეორე კი ესვრის გიგა ოთხოზორიას, მათ შორის საკონტროლო გასროლით სახეშიც. ასევე ჩანაწერიდან ჩანს ისიც, რომ სიახლოვეს არც ერთი ქართველი სამართალდამცველი არ იმყოფება. სწორედ ამ ჩანაწერით მოხდა რაშიდ კანჯიოღლის იდენტიფიცირება.


თვითმხილველთა თქმით, სოფელ ნაბაკევის მხარეს გადასულ ოთხოზორიას სეპარატისტთა ე.წ. საბაჟოზე, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ბარათის წარდგენის გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა აფხაზმა "მესაზღვრემ" რაშიდ კანჯიოღლიმ მიაყენა. კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა თანმხლებმა პირებმა ოთხოზორია გამოარიდეს და ხურჩისკენ წამოიყვანეს.


ამის შემდეგ, მათ ოთხი შეიარაღებული აფხაზი დაედევნა, მათ შორის, რაშიდ კანჯიოღლი, რომელმაც გიგა ოთხოზორიას ჯერ ფეხისა და მუცლის არეში რამდენჯერმე ესროლა, უკვე წაქცეული კი თავში საკონტროლო გასროლით მოკლა.


ცნობა იმაზე, რომ ეჭვმიტანილმა რუსეთის საზღვარი გადაკვეთა, მისი მამა კი მძიმე დანაშაულისთვის ქართველებმა მოკლეს, "ამერიკის ხმამ" გაავრცელა.


ინფორმაცია კანჯიოღლის რუსეთში გაქცევაზე, "რეზონანსთან" საუბრისას აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დაადასტურა.


მართლმსაჯულების არიდების მიზნით, როგორც გავიგე, ხელი შეუწყვეს და რუსეთში გადამალეს. მამამისი ომის მეომარი და .წ. გმირი იყო. რა თქმა უნდა, მას არ გაუჭირდებოდა, მოეძებნა ვინმე გავლენიანი ადამიანი, რომელიც საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარებოდა.


ერთადერთი იმედი მაქვს, ამოქმედდეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის კომისია, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აფხაზები და რუსებიც მონაწილეობენ. თუმცა ვეჭვობ, ამის აღდგენა დროში გაიწელება. არადა, ჩანაწერები გვაქვს და დამნაშავეც იდენტიფიცირებულია.

 

ასეთი ცინიკური მკვლელობა მხოლოდ ზომბირებულ ადამიანს შეეძლო ჩაედინა და წესით, მისი გადამალვა რუსეთს არც უნდა აწყობდეს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ყოლბაია.


საქართველოს კანონმდებლობით, კანჯიოღლის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მკვლელობის ფაქტზე საქმე სოხუმის დე-ფაქტო პროკურატურამაც აღძრა. თუმცა მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა. სოხუმის დე-ფაქტო პროკურატურამ, შემთხვევის დღეს კანჯიოღლი დაკითხვაზე დაიბარა და მალევე გაათავისუფლა.


კანჯიოღლი .წ. საბაჟოზე მუშაობდა. წარმოშობით თურქი, აფხაზეთში მცხოვრები გახლდათ. საკმაოდ გავლენიანი ნათესავები ჰყავდა, თორემ ისე მანდ მუშაობას არავინ დააწყებინებდა. შემთხვევის ადგილზე არ ვყოფილვარ, ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ როგორც გავიგე, დაკითხვაზე ჰყავდათ სოხუმში ჩაყვანილი და შემდეგ გაათავისუფლეს", - უთხრა „რეზონანსს" ადგილობრივმა მკვიდრმა.


სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა არეშიძის თქმით, კანჯიოღლიმ მომხდარის შემდეგ საზღვარი ამირინ დუხინის სახელით გადაკვეთა.


„29 წლის რაშიდ კანჯიოღლი ტყვარჩელელი გათურქებული ლაზია. მამამისი რაულ კანჯი ოღლი ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი ომის მერე, სასტიკი მოქცევის გამო, ქართველებმა მოკლეს, თუმცა კონკრეტულად ვინ, არ ვიცი. ასევე, მას არასრულწლოვანის გაუპატურებაში სდებდნენ ბრალს, რის გამოც სახლიც კი გადაუწვეს.

 

როგორც ვიცი, ამირინ დუხინის სახელითა და გვარით გადავიდა რუსეთში. ახლა, ამ წუთში რა სახელი და გვარი აქვს, არ ვიცი. ქალაქი, მე მგონი, იმავე დღეებში დატოვა," - გვითხრა არეშიძემ.


მისივე თქმით, ჩვენ რეაგირების ორი მექანიზმი გვაქვს. ერთია - ე.წ. საზღვარზე კონტროლის გამკაცრება; საერთაშორისო მონიტორებისთვის საკითხის კატეგორიულად დასმა, რომ ისინი გადასასვლელ საგუშაგოებზე სიტუაციას უფრო ყურადღებით მოეკიდონ; ასევე ზეწოლა რუსეთზე, სეპარატისტულ ხელისუფლებაზე; საერთაშორისო საზოგადოების მოხმობა და ა.შ.


მისი განცხადებით, ასევე უნდა მოხდეს დახურული რეაგირება. დახურული რეაგირება კი ისაა, როგორც იქცევა ისრაელის დაზვერვა - მოსადი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე დამნაშავეს ცოცხალს არ ტოვებს.


არეშიძე აღნიშნავს, რომ, რაც ხურჩაში მოხდა, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავდასხმები ადრეც ყოფილა.


„2007 წლის 5 იანვარს აფხაზეთიდან 6 კაცი გადმოვიდა, მათ განმუხურის პოლიციის საგუშაგო დაცხრილეს და ქართველი პოლიციელი მოკლეს. როგორც გაირკვა, ეს იყო აფხაზების პასუხი, რადგან გალში დეკემბერში 2 აფხაზი პოლიციელი იყო მოკლული; ოკუპირებულ მხარეს, გალის საბაჟოს აფხაზი უფროსის მკვლელობაც მახსოვს; მახსოვს აქეთა მხარეს მკვლელობები საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე; ასევე მახსოვს, 2008 წელს წალენჯიხის გამგებელი როგორ მოკლეს აფხაზებმა ენგურის მეორე ნაპირიდან ნაღმსატყორცნით; ასევე 2011 წელს სამაჩაბლოში 2 მოქალაქე, რომლებიც ჯონჯოლის მოსაკრეფად იყვნენ გადასული, როგორ დაცხრილეს რუსმა .. მესაზღვრეებმა ავტომატებით. ისინი შემდეგ ჩვენებმა ძლივს გადაარჩინეს. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ასეთი რამ სულ ხდება. თუმცა ხურჩაში დანაშაული ყველა სხვა მკვლელობისგან განსხვავებით საშინელი ცინიზმით მოხდა", - დასძენს არეშიძე.


ოკუპირებულ სოფელ ბარღების მკვიდრმა კი "ამერიკის ხმას" ანონიმურობის დაცვით უთხრა, რომ კანჯიოღლის კიდევ ერთი განზრახ მკვლელობა აქვს ჩადენილი, თუმცა ამ ინფორმაციას დე-ფაქტო სოხუმის ხელისუფლება უარყოფს. მკვლელობის ვიდეოკადრების გამოქვეყნებისთანავე, რაშიდ კანჯიოღლიმ და მისმა ნათესავებმა სოციალურ ქსელებში პირადი გვერდები გააუქმეს.


ცნობისთვის, შემთხვევა 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვარზე მოხდა. თუმცა იმის მერე ე.წ. საზღვარზე არაფერი შეცვლილა. გალის რაიონის მცხოვრები ამბობს, რომ საბედისწერო დღე მხოლოდ გიგა ოთხოზორიასთვის აღმოჩნდა, დანარჩენები ცხოვრებას ჩვეულებრივ აგრძელებენ.


შემთხვევის შემდეგ .. საზღვარი მხოლოდ რამდენიმე საათით ჩაკეტეს. ვისაც საბუთები აქვს, გადასვლას ახლა ჩვეულებრივ ახერხებს. აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა, ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანს, შიგნით რა ხდება, არ ვიცი," - გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა.


დღეს კი ე.წ. საზღვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ვახტან ყოლბაია ეწვევა, სადაც დეტალურად გაეცნობა იქ არსებულ სიტუაციას.


პორტალმა „კვირამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი დაკავებულია. "კვირა" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც მას ინფორმაცია ნაწილობრივ დაუდასტურა. მინისტრის განცხადებით, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ მასაც აცნობეს, თუმცა ამ დროისთვის ინფორმაციის სისწორე მოწმდება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner