იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ევროსაბჭოში გამოსვლა იყო შთამბეჭდავი.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა წევრი ქვეყნების დეპუტაციებს იმ რეფორმების შედეგები აჩვენა, რომელიც საქართველოს აქვს.
„პრემიერ-მინისტრმა აჩვენა, რომ საქართველო პროგრესის გზაზე დგას და ამას აღიარებს ყველა, რაც არ უნდა კრიტიკულად განწყობილი ევროპელი პოლიტიკოსი იყოს. პროგრესს აღიარებს ევროპის საბჭოს სტრუქტურები და ამას მოწმობს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირველად, მას შემდეგ რაც ჩვენ გავწევრიანდით ევროსაბჭოში, ისეთი განაცხადი გააკეთა, როგორსაც აკეთებენ ევროპის საბჭოს წევრი დიდი ქვეყნები და ამან თითქოს შეუმჩნევლად ჩაიარა. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, როდესაც პატარა საქართველო, პირველად მისი წევრობის ისტორიაში, ძალიან დიდ თანხას, ნებაყოფლობით ჩადებს ევროპის საბჭოს გადარჩენის ოპერაციაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანი თქმით, საქართველო არის დემოკრატიის გზაზე მდგარი ის ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპის საბჭოს მსგავს ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროპულ სტრუქტურებს არ შეექმნას მუშაობის პრობლემა.
„ეს იყო ისტორიული განცხადება, ეს იყო ისტორიული ფაქტი და მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენ ხაზი გავუსვათ, როდესაც ჩვენი პატარა ქვეყანა დიდი ქვეყნისა და კიდევ უფრო მნიშვნელოვან კონტრიბუციას იღებს, რათა გადაარჩინოს ევროპული სტრუქტურა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.