პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა.
ლადო კახაძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას“, მის ლიდერებსა და დამსწრე საზოგადოებას.
„დიდი მადლობა, მობრძანებისთვის. დიდი მადლობა განსაკუთრებული ქვეყნის შვილებო, დიდი მადლობა თქვენი ღვაწლისთვის, დიდი მადლობა თქვენი გამოვლილი ცხოვრებისთვის, დიდი მადლობა ახალგაზრდებო, რომ მშობლების ზურგშექცევით დგომა არ გადაგიწყვეტიათ, დიდი მადლობა შთამომავალ-მემკვიდრეებო დიდი წინაპრებისა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ, ერთმანეთის იმედად, ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ, დიდი მადლობა ჩემს წარმდგენებს, დიდი მადლობა პრემიერს, დიდი მადლობა გენერალურ მდივანს, ქალაქის შესანიშნავ მერს, დიდი მადლობა იმ ძალის მატარებელ ორგანიზაციას, რომელსაც ოცნება ჰქვია, რეალიზებული ოცნება.
მე ორ ახალგაზრდა კაცთან ერთად წამოვედი. ესენი ჩემი შვილიშვილები არიან - ნიკოლოზი და ანდრია. მთაწმინდაზე დაბადებული და გაზრდილი მეოთხე თაობის წარმომადგენლები. მათი და მათი მშობლების თაობის დიდი ნაწილი დაბადებამდე მინახავს. მე მათ ვერასოდეს ვერ ვუღალატებ. მათი თვალებით დანახული მომავლის გააწმყოება მინდა. მათთვის და მათთან ერთად ლამაზი, შინაარსიანი, ადაპტირებული, განათლებული, უსაფრთხო და ღირსეული მომავლის აშენება მინდა, მათთან და თქვენთან ერთად. დიდი მადლობა მხარდაჭრისთვის, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ! ღმერთი ფარავდეს თქვენს, ჩვენს და ჩვენი ქვეყნის ყველა მობინადრის ოჯახებს, ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს“, - განაცხადა ლადო კახაძემ.