logo_geo
eng_logo
ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს ითხოვს
- +

12 აპრილი. 2019. 11:54

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა - ინფორმაცია „ბათუმელებს“ საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილმა დაუდასტურა. ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ თუ სამი წევრი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

 

ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით საბჭოს მიმართა ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ (არჩეულია ენმ-ის კვოტით) და გიგა ჩხარტიშვილმა (არჩეულია „ქართული ოცნების“ კვოტით). „ბათუმელები“ მათთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო, ამიტომ საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილს ვთხოვეთ კომენტარი, თუ რა არგუმენტები აქვთ საბჭოს წევრებს.

 

„რასაც გავეცანი, წერილი ეხება პროგრამულ პრიორიტეტებს, ფონდების მიერ დაფინანსებულ გადაცემებს, რაც მრჩეველთა საბჭოს გვერდის ავლით მოხდა, რამდენიმე გადაცემაზეა საუბარი (მათ შორისაა გადაცემა „ათვლის კუთხე“ და „სათქმელი“); ხელფასებთან დაკავშირებით, ბოლო დროს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ასევე ლაპარაკია ირაკლი ბარამიძის სასამართლო პროცესზე“, - გვითხრა ნატა იმედაიშვილმა.

 

მისივე თქმით, ხვალ საბჭო შეიკრიბება და წარმოდგენილ არგუმენტებზე იმსჯელებს.

 

ნატა იმედაიშვილის განმარტებით, საბჭომ განცხადება ათი დღის ვადაში უნდა განიხილოს.

 

„დღეს უკვე ვაცნობეთ ნათია კაპანაძეს ამის შესახებ, მან უნდა წარმოადგინოს თავისი არგუმენტები, განმარტებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თუ აქვს სურვილი და ჩვენ უნდა ჩავნიშნოთ სხდომა“, - აღნიშნა ნატა იმედაიშვილმა.

 

მისივე თქმით, კენჭისყრა ფარულია და მასში საბჭოს ხუთივე წევრი მონაწილეობს, საბჭოს წევრებმა საკუთარი მოსაზრება ხმის მიცემით უნდა დააფიქსირონ. ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

 

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამწლიანი ვადის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, რაც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

 

„ეს არის ყველაზე რთული, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა საბჭოს ნებისმიერი წევრის“, - ამბობს ნატა იმედაიშვილი.

 

კითხვაზე, მიღებული აქვს თუ არა თავად მას გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, ნატა იმედაიშვილი პასუხობს - „არა, თქმა უნდა, არა“.

 

„აჭარის ტელევიზია“ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, ტელევიზიის არსებობის განმავლობაში პირველად, არაერთ კვლევაში მოხვდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია.

 

წელს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში აჭარის ტელევიზია მოხვდა, როგორც ერთადერთი ქართული ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზა.

 

„აჭარის ტელევიზია“ მოხვდა „Human Rights Watch“-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, რომელშიც დადებითად არის ასახული „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში რადიო „თავისუფლების“ იმ გადაცემების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დახურა.

 

აჭარის ტელევზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი (თავმჯდომარე), ირაკლი დარცმელიძე, გიგა ჩხარტიშვილი, გიორგი ირემაძე და ბეჟან გობაძე. მათგან იმპიჩმენტს ორი წევრი ითხოვს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner