„ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, გუშინდელი ინციდენტი არ ყოფილა საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი, ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება, რომელიც პირდაპირ შეიძლება არჩევნების ღონისძიებას არ უკავშირდებოდეს“, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, გუშინ, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჟვანია საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, შუალედური არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად აწარმოონ.
„ერთი მნიშვნელოვანი ამბავია, რომ საარჩევნო ადმინისტრირება პროცესების დაწყებულია და კარგია ამბავია, რომ ჯერჯერობით, საარჩევნო ადმინისტრაციაში არც ერთი საჩივარი ან დავა არ ყოფილა ამ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, ეს არ ყოფილა საარჩევნო კამპანიაზე მომხდარი ინციდენტი, ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება, რომელიც პირდაპირ შეიძლება არჩევნების ღონისძიებას არ უკავშირდებოდეს, თუმცა მინდა ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, როგორც დღეს მოვედით მშვიდად და აქამდე არანაირი დავა და პრობლემა არ გვქონია, ყოველგვარი ძალადობისგან შორს, ისე ჩავატაროთ არჩევნები და მაქსიმალური სიმშვიდე შევინარჩუნო“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
გუშინ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. მოგვიანებით გიორგი პატარაია და ანი წითლიძე გაათავისუფლეს.