გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ პროვოკაციად აფასებენ.
როგორც ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი სამეგრელოში არ დავიწყებიათ და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მათ საარჩევნო კამპანიის წარმართვა უჭირთ.
„პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. შსს ყველა ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. „ქართული ოცნება“ ორიენტირებულია მხოლოდ საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე და ჩვენ ზუგდიდის განვითარებაზე ვფიქრობთ, ხოლო სანდრა რულოვსისთვის ზუგდიდი არის უცხო და შესაბამისად, მათთვის კამპანიის წარმოება არის რთული. ისინი გარკვეულ სპეკულაციებს ეწევიან, ამიტომ იმედი გვაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს შესაფერის საარჩევნო გარემოს. პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ნაწამები ადამიანების რეაქციაზე და პროტესტზე, მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ის პირები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების თქმით, მათ უთვალთვალებდნენ, „ქართული ოცნების“ წევრები არ არიან, თუმცა, შესაძლოა, იყვნენ მხარდამჭერები.
მისივე თქმით, თვალთვალი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა და არა „ქართული ოცნების“.
„იმ პირებთან დაკავშირებით, ვინც მათ მიერ გადაღებულ კადრებზე ჩანს, ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, არ გამოვრიცხავ, როგორც ამომრჩეველი, ჩვენი მხარდამჭერი იყოს. არავინ არ უთვალთვალებს მათ, ეს არ არის ჩვენი სტილი. რაც შეეხება მიმოწერას, ფალსიფიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია და ამიტომ მე ამ საკითხზე ვერ გაგცემთ პასუხს. „ნაციონალური მოძრაობას“ უჭირს საარჩევნო კამპანიის წარმოება, რადგანაც ხალხს სამეგრელოში ახსოვს მათი მმართველობის პერიოდი და ამიტომ საზოგადოებას აქვს პროტესტი, და მას ამის უფლება კანონის ფარგლებში აქვს. მათ მოუწევთ საზოგადოების მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა, დანარჩენი ყველაფერი არის პროვოკაცია“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი - პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ასევე პარტიის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. მოგვიანებით, პოლიციამ პატარაია და წითლიძე გაათავისუფლა, ხოლო მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.