logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა
- +

12 აპრილი. 2019. 14:47

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თანაშემწე სოფო ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ჯაფარიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

პრემიერის ყოფილი თანაშემწე თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობს.

 

„ძვირფასო მეგობრებო/კოლეგებო, გაცნობებთ, რომ ვემშვიდობები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის პოზიციას.

 

(მალე გაცნობებთ, საით გამიწევია.)

 

მანამდე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს, რომელ უწყებაში, ორგანიზაციაში თუ სექტორში არიან ისინი დასაქმებულნი, რა პოზიციაზე, ა.შ.) წარმატებული თანამშრომლობისთვის, პროფესიული თუ ადამიანური მხარდაჭერისთვის. იგივე ეხება ჩემს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამა თუ იმ ფორმით გვერდში მედგა.

 

მიუხედავად იმისა, რომ არც ძალისხმევა დამიკლია საქმისთვის და არც მონდომება, ვისურვებდი, მეტის გაკეთება შემძლებოდა. გულწრფელად მინდა, რომ ის ადამინი, ვინც გადაიბარებს ჩემს საქმიანობას, სახელმწიფომ უზრუნველყოს მეტი რესურსით (როგორც ადამიანური, ისე ფინანსურით) იმისათვის, რომ შეძლოს თავისი მოვალეობების უკეთ განხორციელება.

 

ამ პოზიციაზე მუშაობა იყო ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უკიდეგანოდ დიდი პასუხისმგებლობა. იყო დღეებიც, როდესაც მიფიქრია, რომ სხვადასხვა სახის გამოწვევებს უბრალოდ ვეღარ გავუმკავდებოდი, თუმცა, გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ თუ ადამიანს გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ და გული შეგტკივა მიზეზზე (cause), ყველაფერს გაუმკლავდები (ბუნებრივია, იმ ადამიანების მხარდაჭერით, რომლებსაც ზევით მადლობა გადავუხადე).

 

არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, თუ რა გავაკეთე და რა ვერ გავაკეთე, ამას თქვენ უკეთ შეაფასებთ და დროც თავისას იზამს. გარდა ამისა, ნამდვილად მეუხერხულება საკუთარ თავზე საუბარი, ვფიქრობ, ეს ის ნაწილია, რომელიც სხვებს უნდა ვანდო.

 

ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა : ძალიან მნიშვნელოვანია თვითკრიტიკულობა, გუნდური სულისკვეთება, კარგი კოორდინაცია და გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვა გამოწვევებისთვის თვალის გასწორება. ნამდვილად არ არის დრო არაჯანსაღი კონკურენციისთვისა და ინდივიდუალური პიარისთვის. არ არის აუცილებელი, ყველას ერთმანეთი მოგვწონდეს (აქაც ისევ ყველა სექტორში დასაქმებულ ადამიანს ვგულისხმობ) და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიყოთ, თუმცა, აუცილებელია კონსტრუქციულობა და ერთმანეთის პატივისცემა (რასაც, ბუნებრივია, დამსახურება სჭირდება). იმედი მაქვს, რომ თქვენი პატივისცემა დავიმსახურე“,  - წერს სოფო ჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner