„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი „facebook"-გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ უხარია, რადგან საოპერო მომღერლის ლელიკო ჯაფარიძის ხმა ამ პატარა სიმღერა-მანიფესტმა შემოინახა.
„როცა ეს სიმღერა დავწერე, სინამდვილეში არავის ემღერებოდა, რადგან გლდანის ციხესთან კვირაში ერთხელ მინიმუმ ერთი პატიმრის გვამს ვხვდებოდით. თითქმის ყველა მათგანი ნაწამები იყო. კადრები „ობიექტივის" არქივში ინახება. ამ სიმღერის 2 ვერსია ჩაიწერა. ერთი - 7 ნოემბრის მიტინგზე შესრულდა. „უცნობი" და ირინკა ბათიაშვილი მღერიან და ირაკლი ბათიაშვილს მივუძღვენით, რომელიც მაშინ პატიმარი იყო, ხოლო მეორე ვერსია იმ აქციისთვის ჩავწერეთ, რომელიც 2011 წელს ნაწამები პატიმრების ოჯახების დასახმარებლად მოვაწყვეთ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ამ ორდღიან აქცია-მარათონს სახელწოდებაც სიმღერის ტექსტიდან შევურჩიეთ - შენს გისოსებში მზეა... ვინც კლიპში მონაწილეობს, ყველა სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა... პროფესიონალი მომღერალ- კომპოზიტორები და ჩვენ... მე, მერაბ ჭიქაშვილი, ირაკლი კორძაია, შოთიკო გლურჯიძე, ნანა შონია... მაშინ კლიპში მონაწილეობას ბევრი ვერ ბედავდა. ეშინოდათ. ჰოდა, ჩვენს შორის ერთი არაჩვეულებრივი ადამიანია... ჩვენი უფროსი მეგობარი... საოპერო მომღერალი ლელიკო ჯაფარიძე, რომელიც ორი დღის წინ გარდაიცვალა... მიხარია, რომ მისი ლამაზი ხმა ამ პატარა სიმღერა-მანიფესტმა შემოინახა. ნახვამდის, ბატონო ლელიკო... და დიდი მადლობა, რომ იმ დროს... იმ მძიმე დროს ჩვენთან იყავით და არ გეშინოდათ", - წერს ირმა ინაშვილი.