ზუგდიდის რაიონული სასამართლო, სოფელ ნარაზენში გუშინ საღამოს მომხდარ ინციდენტს განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე შალვა ჭედიამ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა.
„დღეს ზუგდიდის რაიონული სასამართლო განიხილავს, 2019 წლის, 11 აპრილს, ზუგდიდის რაიონის სოფ. ნარაზენში მომხდარ ინციდენტს, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- ე და 173-ე მუხლებით დაკავებული იქნა მანუჩარ ჩხეტია, რომელმაც პოლიციის სამმართველოშიც განაგრძო პოლიციელებისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განსახილველად წარმოდგენილია ყველა ის მტკიცებულება, რაც მოპოვებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. აქვე მინდა დავამატო, რომ პოლიციელების საქმიანობა და მათი მთავარი ამოცანა არის მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა. რაც მოხდა არის კანონდარღვევა და პოლიცია მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით ყოველთვის მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას“, - განაცხადა შალვა ჭედიამ.