რატომ დააპატიმრეს ნინო ნადირაძე-კუზანოვას მშობლები მისი ნიშნობის წინა დღეს და ცხოვრების რა ეტაპზეა ახლა ის- ამასთან დაკავშირებით ექიმი და ტელეწამყვანი ჟურნალ „თბილისელებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„ჩემი ნიშნობის წინა დღეს, სახლში შემოვარდა ექვსი შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი. ისეთი სტრესი მივიღე, გახსენება ახლაც არ მინდა. გადაჩხრიკეს მთელი სახლი, აღმოაჩინეს ზვიად გამსახურდიას წიგნი და ამის ნიადაგზე, მშობლები დააპატიმრეს. დედაჩემი მაშინ 41 წლის იყო, მამა კი ახალნაოპერაციები. მათემატიკოს, ანტიკომუნისტ კაცს ზვიადისტობა დააბრალეს, არადა, საერთოდ არ იცნობდა ზვიადს. მიზეზებისა და ახსნების გარეშე დააპატიმრეს. ზოგადად, როდესაც რეალური საფრთხის წინაშე ვდგავარ, შიშის შეგრძნებას ვკარგავ. შეიარაღებული ტიპები რომ შემოცვივდნენ, ვაგინე, ვუყვირე, მაგრამ არაფერი გამოვიდა, მაინც წაიყვანეს. კოლმეურნეობის მოედანზე შენობაში მივუვარდი იმ ტიპებს, იქაც ვაგინე, ვუყვირე, ვეჩხუბე. არადა, 1993 წელი იყო, სრული განუკითხაობა, თუმცა, რომ იგრძნეს, უკან არ დავიხევდი და თავს შევაკლავდი, ამან გაჭრა. უცებ დათბნენ, მომიბოდიშეს და ჩემი მშობლებიც გამოუშვეს.
სულ ვამბობ, ყოველდღიურობით ვცხოვრობ და ვერ გავიგე, რა არის ბედნიერება, როგორც ცნება-მეთქი. ახლა ცხოვრების გაფურჩქვნის ეტაპს გავდივარ, როცა ზუსტად ვიცი ჩემი თავის ფასი, ბოლო თეთრამდე. ასე რომ, ბევრი ვღირვარ, მაგრამ არასდროს გავყიდულვარ. მე მხოლოდ სიყვარულსა და ერთგულებაზე ვიყიდები“,- აღნიშნავს ნინო ნადირაძე-კუზანოვა.