logo_geo
eng_logo
ლელა და ეთერ თათარაიძეების სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება
- +

13 აპრილი. 2019. 14:09

 

თბილისის საკონცერტო დარბაზში 14 აპრილს, 19:30 საათზე, ლელა და ეთერ თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართება და მათი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

ორი გამორჩეული სახელი ქართულ სახელოვნებო სივრცეში დიდი ხანია დამკვიდრდა. თავიანთი განსაკუთრებულობისთვის და შემოქმედებითი გზის უღალატობისათვის ისინი მთელმა საქართველომ შეიყვარა. განუზომელია დები თათარაიძეების დამსახურება ქართული კულტურის, ქართული ფოლკლორის წინაშე.

ლელა თათარაიძემ – მომღერალმა, კომპოზიტორმა და ლოტბარმა, შემოგვინახა თუშური ჰანგი, თუშური სიმღერა და საკრავიერი მუსიკა მთელ მსოფლიოს გააცნო. ხალხმა შეიყვარა ლელას გარმონითა და ჩონგურით შესრულებული განსაკუთრებული, მისივე ავტორობით შექმნილი სიმღერები: „ჯანღი“, „შენმა სურვილმა დამლია“, „გაგნის გორი“, „ვერცხლის თასადამც მაქცია“, „ლომო“, „შე ლომის მოკლულო“, „მახკვდია“, „ცხრაჯერ“, „სამშობლო“, „მწირულაო ამოვალიდ“, „სამცხის სათამაშო“, „გარმონზე“, ,,ზენ ბაცალიგოს“, „ვერკვლის ციხე“, „ვაჟაო“, „შავ-ჯავრო“, „ჯავრო“, „ნეტა თქვენ“, „გშორდები“, „ფიქრი მატულობს“, „ინგილო ქალის ნანა“, „თინიბექის სიკვდილი“.

ეთერ თათარაიძემ – ეთერომ – ერი მხოლოდ სახელით რომ მოიხსენიებს, ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა თუშური სიტყვა. უარი თქვა პოეზიაში კლიშედ მიღებულ კოინეზე და „თათარაიძის პატარა ქალმა“ გადაარჩინა უძველესი და უმდიდრესი კილო ქართული ენისა.

 

„კარგად მახსოვს მისი პირველი გამოჩენა – მეხის გავარდნა იყო ქართული სალიტერატურო ენის ცაზე. ეთერ თათარაიძე, პრინციპში, ჩვენი დროის ვაჟა-ფშაველაა – ზუსტად იმავე ენობრივ პოლიტიკას ატარებს და ისევე არ ღალატობს თავის თავს, როგორც არ ღალატობდა ვაჟა. ამის გამო, ეთერსაც ისევე ჰყავს მტრები, როგორც ვაჟას ჰყავდა“, – თქვა ლევან ბერძენიშვილმა.

 

ეთერ და ლელა თათარაიძეების შემოქმედებით ღონისძიებაში მონაწილეობენ: მეუფე ზენონი; ანსამბლები – „ბასიანი“, „კესანე“, „კელაპტარი“, „ურმული“, „ლომისი“, „თაობა“; ხალხური მელექსენი, განსაკუთრებული სტუმრები თურქეთის რესპუბლიკიდან – „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ და სხვანი.

დები თათარაიძეები დაჯილდოებულნი არიან: ღირსების ორდენით, ფოლკლორის ეროვნული პრემიით და ბევრი სხვა წოდებით, პრემიითა თუ ჯილდოთი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner