საჯარო სკოლებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კომპანია „მაიკროსოფტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და „მაიკროსოფტ საქართველოს“ წარმომადგენელმა, ქეთევან რატიანმა მოაწერეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, უწყებასა და კომპანიას შორის ერთობლივი პროექტები განხორციელდება, რომელიც გაამარტივებს და ხელს შეუწყობს სისტემაში მიმდინარე რეფორმებს.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, „მაიკროსოფტის“ აქტიური ჩართულობით, სკოლებში ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში უზრუნველყოფილი იქნება როგორც საერთაშორისო ექსპერტთა კონსულტაციები, ასევე სხვადასხვა სასწავლო მასალებზე წვდომა, მასწავლებლების გადამზადება და სხვა.
„შედეგად, სწავლისა და სწავლების პროცესში გაუმჯობესდება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, ამასთან, პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ საკლასო ოთახში გამოიყენონ ტექნოლოგიები და მოსწავლეებს განუვითარონ შესაბამისი უნარები. ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში სკოლებში ინოვაციების დანერგვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ, განათლების რეფორმის ფარგლებში „მაიკროსოფტთან” და ტალინის უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით სასწავლო პროცესში ციფრული საგანმანათლებლო რესურსები დაინერგება. შედეგად, მასწავლებლები და მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ელექტრონული რესურსებით, რათა შეძლონ ინფორმაციის მარტივად გაცვლა, საკუთარი საკომუნიკაციო არხების აწყობა, ინფორმაციის გავრცელება და სწავლების პროცესში ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ეფექტური გამოყენება“ – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.