„ზაურ დარგალი არის მართლაც საამაყო მაგალითი, თუ როგორ უნდა შეძლოს ახალგაზრდა, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებას თავისი შრომითა და განათლებით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ზაურ დარგალის მერობის კანდიდატად წარდგენისას განაცხადა.
„მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა, ჩვენი პარტიის პატივისცემა და გვერდში დგომა, რომელსაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ. ჩვენი მთავარი სიძლიერე, ეს არის ჩვენი ერთობა. საქართველო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, თავისი მრავალეთნიკურობით და სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სიძლიერე.
ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაზე ზრუნავს და შრომობს, რა თქმა უნ,და ჩვენი სიმდიდრეა. მე მინდა, ამ რეგიონს და ამ ხალხს, განსაკუთრებულად მოვეფერო და მივესალმო.
საყოველთაოდ ცნობილი და დადასტურებული ფაქტია, რომ ამ მხარეში განსაკუთრებულად მშრომელი ხალხი ცხოვრობს. თქვენი შრომა არის საყოველთაოდ ცნობილი საქართველოში.
ამიტომ, ის, რაც პრემიერმა განაცხადა, ის პროგრამები, ის გეგმები, რაც დაგეგმილი აქვს ჩვენს მთავრობას, მე მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გააძლიერებს ამ მხარის მოსახლეობას.
რაც შეეხება არჩევნებს და ჩვენს კანდიდატს. მინდა, რამდენიმე სიტყვით ვისაუბრო ჩვენს ახალგაზრდა, საამაყო კანდიდატზე. ზაურ დარგალი არის მართლაც საამაყო მაგალითი, თუ როგორ უნდა შეძლოს ახალგაზრდა, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებას თავისი შრომითა და განათლებით.
ზაური მე გავიცანი დაახლოებით 6 წლის წინ და მას შემდეგ ჩვენ ყველანი ვხედავთ მის ძალიან დიდ პროგრესს, წარმატებას. მისი წარმატება მდგომარეობს მის შრომისმოყვარეობაში.
მე მჯერა, რომ ზაურ დარგალი იქნება თქვენი საამაყო ქალაქის მერი. ის მოემსახურება მარნეულელ ხალხს, ის იზრუნებს თქვენს კეთილდღეობაზე და მუდამ თქვენს გვერდით იქნება.
რაც შეეხება მის ოპონენტს, მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენ მივდივართ მომავლისკენ და არასდროს არ დავბრუნდებით წარსულში. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, მათ წინააღმდეგ მიმართული არნახული ძალადობა, რომელიც 2012 წელს ჩვენ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დავამარცხეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნურავის ნუ ექნება იმედი, ამ უსუსურ ოპონენტებს მივმართავ, რომ ისინი შეძლებენ რაიმე ფრომით შუღლისა და განხეთქილების შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში.
ჩვენ, ჩვენი გუნდი ამას არ დავუშვებთ და ამ არჩევნებზე ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. კიდევ ერთხელ ვუსურვებ ჩვენს კანდიდატს წარმატებებს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.