logo_geo
eng_logo
ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
- +

13 აპრილი. 2019. 17:10

 

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.

 

ცვლილებები „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორიც მთავრობაა. პროექტის ინიცირება 15 აპრილის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

 

კანონპროექტით ახალი ტერმინი – ძირითადი მავნე ნივთიერებები შემოდის, რომლის ჩამონათვალიც სრულად მოიცავს ევროკავშირის დირექტივებით გათვალისწინებულ დამაბინძურებელ ნივთიერებებს.

 

კერძოდ, ინიციატივაში ნათქვამია, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვისა და მონიტორინგის მიზნებისთვის საქართველოს მთელი ტერიტორია ზონებად და აგლომერაციებად დაიყოფა, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცდება.

 

პროექტის მიხედვით, ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიცირება მოხდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი შეფასების ზედა და ქვედა ზღვრების მიხედვით, არანაკლებ ხუთ წელიწადში ერთხელ.

 

„კანონის არსებული რედაქციით არ არის გათვალისწინებული ტერიტორიის დაყოფა მართვისა და მონიტორინგის მიზნებისთვის და ხდება რეგიონების დაყოფა განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების და დაბინძურების არმქონე კატეგორიებად არა კონკრეტული მახასიათებლებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, არამედ მხოლოდ მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოსახლეობის რაოდენობა და ის ეკოსისტემები, რომლებიც განიცდიან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. აქედან გამომდინარე, ცვლილების თანახმად, აგლომერაციების დადგენა მოხდება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ხოლო ზონები დადგინდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შედეგების, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ინვენტარიზაციის, გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით. ზონები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს ერთი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს, არამედ შედიოდეს რამდენიმე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ამგვარი დაყოფა ხელს შეუწყობს ატმოსფერული ჰაერის მართვისა და მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას და ფუნქციონირებას. თითოეული ზონისა და აგლომერაციისთვის დადგენილი შეფასების რეჟიმების მეშვეობით განისაზღვრება დაბინძურების დონის გაზომვის კონკრეტული მეთოდები“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

 

ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება ექნებათ, სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მიიღონ არა მხოლოდ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, არამედ ასევე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმების და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შესახებ.

 

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში ნათქვამია, რომ დეტალურად განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების მიღების წესი, მოქმედების ფარგლები და პასუხისმგებელი ორგანოები. კერძოდ, თუ რომელიმე ზონაში ან აგლომერაციაში ატმოსფერული ჰაერის ძირითადი მავნე ნივთიერებების დონეები ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ან მიზნობრივ მნიშვნელობას აჭარბებს, ასევე შესაბამის ტოლერანტობის ზღვარს, შემუშავდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, იმ მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებით, რომელთა ადმინისტრაციულ საზღვრებშიც მოქცეული იქნება შესაბამისი ზონა ან აგლომერაცია და სადაც უნდა მოხდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმებისა და მიზნობრივი მნიშვნელობების მიღწევა.

 

„კანონპროექტი ცალკე განსაზღვრავს იმ შემთხვევას, როდესაც ძირითადი მავნე ნივთიერებებისთვის დგინდება ტოლერანტობის ზღვარი მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება ატმოსფერული ჰაერის სტანდარტის ხარისხის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ზღვრულად დასაშვები ნორმების დაცვა. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავება, ტოლერანტობის ზღვრიდან ზღვრულად დასაშვებ ნორმებამდე ძირითადი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შესამცირებლად“, – ნათქვამია პროექტში.

 

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებები ეტაპობრივად, 2019-2021 წლებში ამოქმედდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner