logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: თანამედროვე მსოფლიოში არ შეიძლება, რეგიონი ბევრად იყოს ჩამორჩენილი დედაქალაქის ეკონომიკურ განვითარებას
- +

13 აპრილი. 2019. 17:14

 

სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეგიონების გაძლიერების მხარდაჭერისა და ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონში მოქმედი კომპანიები დაათვალიერა და სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში” ჩართულ მეწარმეებს შეხვდა.

 

პრეზიდენტმა რეგიონებში მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება რეგიონი დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების დონეს ბევრად იყოს ჩამორჩენილი.

 

„ყოველთვის ხაზს ვუსვამდი იმას, რომ რეგიონების განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. არ შეიძლება, დღევანდელ მსოფლიოში ქვეყანაში იყოს განვითარებული ძირითადად დედაქალაქი და მეორე იყოს ბათუმი, რეგიონები კი, ჯერ კიდევ იყვნენ ბევრად ჩამორჩენილი დედაქალაქის ეკონომიკურ განვითარებას. საჭიროა, ეს დისბალანსი გამოვასწოროთ. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ახალგაზრდები ტოვებენ ქვეყანას, როდესაც თავიანთ რეგიონში, სადაც გაიზარდნენ, ვერ პოულობენ განვითარების პერსპექტივას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მან მეწარმეებს მიმართა და აღნიშნა, რომ სწორედ მათ შეუძლიათ შექმნილი ვითარების გამოსწორება.

 

„თქვენ ხართ ამ ამოცანის, ამ გამოწვევის ერთ-ერთი გამოსწორების საშუალება. მიხარია, რომ დღეს ამდენი მცირე მეწარმეა აქ წარმოდგენილი, ქალი მეწარმეებიც არიან და ეს მიხარია. მნიშვნელოვანია, რომ ქალების აქტიურობაც შეიმჩნევა ამ კუთხით. მცირე მეწარმეობა მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების კუთხით. თქვენზე ვართ დამოკიდებული იმაში, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს და გახდეს მდგრადი, რათა გავიდეთ საზღვრებს გარეთ.

 

მინდა იცოდეთ, რომ არსებობს ბევრი ხელშეწყობის პროგრამა. „აწარმოე საქართველოში” არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. ეს ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, ფეხი მოიკიდონ და დაიწყონ საქმიანობა. პერსპექტივა აქ არის. ქვეყნის დამოუკიდებლობა არის დამოკიდებული დამოუკიდებელ ადამიანებზე. ვინ, თუ არა მცირე მეწარმე, არის მართლაც ბოლომდე დამოუკიდებელი. ეს არის ნიადაგი რომელიც უნდა გავაძლიეროთ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner