საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს ეწვია, მესხური ყველის ,,ტენილი" წარმოებას დაესწრო და ზაზა ივანიძის ბიომეურნეობაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო.
საქართველო პრეზიდენტის განცხადებით, მისი მიზანია წარმატებული ოჯახების მაგალითზე ახალგაზრდობას დაანახოს სოფლის მეურნეობაში დასაქმების უდიდესი პერსპექტივები.
ზაზა ივანიძის განცხადებით, ბიომეურნეობაში პროდუქტს ენდემური ჯიშის ხეხილისგან იღებს, მესხური, უნიკალური ჯიშის თუთისგან აწარმოებს ბაქმაზსა და ტყლაპს, მოჰყავს სელი, ჰყავს ადგილობრივი, მესხური ჯიში ფუტკარი და აწარმოებს თაფლს.
ივანიძეების ოჯახი სოფელ ღრელში ბიომეურნეობის განვითარებას და აგროტურისტულ ცენტრად გადაქცევას გეგმავს.
ზაზა ივანიძემ პრეზიდენტს ძველი, მესხური ტრადიციული კერძები გააცნო და მესხური შოთი, ხაჭაპური, აპოხტი, აპოხტის ხინკალი, მაწონი, თუთის ტყლაპი, თუთის ბაქმაზი, თაფლი, ნიგვზის და სელის გოზინაყი, ფახლავა, ჩირები, ჩურჩხელა დააგემოვნა.
პრეზიდენტი ასპინძასაც ეწვია და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მესხური ტენილი ყველის წარმოების პროცესს დაესწრო.
ყველს კომპანია “მზიანეთი” კოოპერატივ “ხარებასთან” ერთად აწარმოებს და პროდუქტი ძველი ტრადიციული მეთოდით, ახლად მოწველილი საღი რძისგან მზადდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2013 წელს ტენილი ყველის დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სალომე ზურბიშვილმა ტენილი ყველის საწარმოსთან ერთად, სამ საუკუნოვანი ,,მესხური ოდა” და მესხური ფურნე დაეთვალიერა.
დღესვე პრეზიდენტი მეღვინე გიორგი ნათენაძის მესხურ ტერასებს ესტუმრა, რომლის აღდგენაც რამდენიმე წელია რაც დაიწყო.
ახალგაზრდა მეღვინემ 24-მდე მესხური ყურძნის ჯიშს მიაკვლია და მათგან ჯერ მხოლოდ რამდენიმე სახეობის ღვინოს აწარმოებს.
გიორგი ნათენაძემ 8 ჰექტარზე მესხური ტერასები აღადგინა და მესხური ვაზის სხვადასხვა ჯიშები გააშენა.
სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ი/მ აშოტ ხაჩატურიანის საკალმახე მეურნეობაც დაათვალიერა, სადაც წლიურად 8 ტონა კალმახს აწარმოებენ.