„ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ. რეკომენდაციებიც იმ ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს, რაც სტანდარტია და იმ ფორმატიდან არ უნდა გამოდიოდეს, რომელსაც სამართლებრივი შეფასებები და რეგულაციები ჰქვია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცესის შესახებ გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკის თქმით, ოპონენტების მხრიდან ძალიან უხეში შეფასებები კეთდება და საზოგადოებაში დეზინფორმაცია ვრცელდება.
„ეს როგორმე უნდა გამოსწორდეს და ვფიქრობ, კომიტეტის დღევანდელი სხდომა ამას კარგ სამსახურს გაუწევს. კომიტეტი, რეგლამენტის მიხედვით დღეს, იმართება. პარასკევს იქნება მეორე მოსმენა და ამ პერიოდში ვენეციის კომისიის დასკვნები იქნება. მრავალსაფეხურიანი საკმაოდ სერიოზული ფილტრია დაყენებული იმისთვის, რომ უზენაეს სასამართლოში და ზოგადად სასამართლო სისტემაში შერჩეული იყოს სწორი გადაწყვეტილებებით მიღებული კადრები. ეს მაღალი ევროპული სტანდარტია და დღეს ამ სტანდარტთან დაკავშირებით მსჯელობა ისე, რომ კლანურ სისტემას რაღაცნაირად დაუკავშირო და კლანურ სისტემაზე ისაუბრო, არასერიოზულია და პოლიტიკური სპეკულაციაა. ვფიქრობ, პროფესიონალური მიდგომა ამას რეალურად შეცვლის თუკი ვინმეს აინტერესებს, რომ ეს ანალიზი სიღრმისეულად გააკეთოს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ. რეკომენდაციებიც იმ ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს, რაც სტანდარტია და იმ ფორმატიდან არ უნდა გამოდიოდეს, რომელსაც სამართლებრივი შეფასებები და რეგულაციები ჰქვია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება და სამართლებრივი რეგულაციების თვალსაზრისით მოწოდებულ პროექტს აბსოლუტურად არანაირი ხინჯი არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ვენეციის კომისიაც აღიარებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.