logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვენეციის კომისიის დასკვნაზე მოლოდინი პოზიტიური და ოპტიმისტურია
- +

15 აპრილი. 2019. 11:54

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვენეციის კომისია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტის განხილვის ვადებზე საქმის კურსშია.

 

„ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ ამ კვირაში საკუთარი დასკვნის წარმოდგენა, გვინდოდა მანამდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ ხერხდებოდა და ვთხოვეთ ამ კვირაში დასკვნის წარმოდგენა, რათა პარასკევამდე მოგვესწრო მეორე მოსმენით კანონპროექტის მიღება. ეს თხოვნა წარვუდგინეთ ვენეციის კომისიას და დაგვთანხმდა, ხვალისთვის ველოდებით დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს საშუალებას, პარასკევამდე სრულად ავსახოთ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია ჩვენს კანონპროექტში. ამ კუთხით ყველაფერი არის ნათელი. ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ საბოლოოდ მიიღება მეორე მოსმენით კანონპროექტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიამ იცის იმის შესახებაც, რომ კანონპროექტის მიღება მეორე მოსმენით ორი კვირის წინ უნდოდათ, ვინაიდან უზენაეს სასამართლოში სერიოზული სირთულეებია.

 

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს არის 10 მოსამართლე, ივნისში იქნება რვა მოსამართლე. სისხლის სამართლის მიმართულებით იქნება ერთი მოსამართლე და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებითაც იქნება ერთი მოსამართლე. ანუ ორი საკვანძო მიმართულება რომ ავიღოთ, უზენაეს სასამართლოს თითო მოსამართლე ეყოლება, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ პრობლემებთან. ეს პრობლემები საბოლოო ჯამში დაკავშირებულია კონკრეტული ადამიანების უფლებებთან, მაგალითად, იმის გამო, რომ ერთი მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის პალატაში, ადამიანებს მოუწევთ ორი-სამი თვით მეტხანს დარჩენა წინასწარ პატიმრობაში. ასევე, იმის გამო, რომ ადმინისტრაციულ პალატაში იქნება ერთი მოსამართლე, ბევრი ადამიანი ვერ მოახერხებს დარღვეული უფლების აღდგენას და გადახდილი ჯარიმის უკან დაბრუნებას. ბუნებრივია, არ უნდა დავაყენოთ ათასობით ადამიანის ბედი ამ კუთხით პრობლემის ქვეშ, თუ შეგვიძლია, რომ უფრო სწრაფად განვიხილოთ კანონპროექტი. გავაცანით ვენეციის კომისიას ჩვენი გრაფიკი, ჯერ ვუთხარით, რომ ორი კვირით ადრე გვინდოდა კანონპროექტის მიღება და გვითხრეს, რომ იყო შეუძლებელი. გავითვალისწინეთ მათი თხოვნა და ორი კვირით გადავწიეთ განხილვის ვადა, თუმცა იქვე აღვნიშნეთ, რომ არაუგვიანეს 19 აპრილისა, მიიღებოდა კანონპროექტი, რაც აღმოჩნდა მათთვის მისაღები და დაგვთანხმდნენ ხვალისთვის საკუთარი დასკვნის წარმოდგენას, რათა გვქონდეს საკმარისი დრო პლენარულ განხილვამდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით მოლოდინი პოზიტიური და ოპტიმისტურია.

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner