logo_geo
eng_logo
თამარ ქალდანი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 1 ივლისს ამოქმედებისთვის კონკრეტული თანხა გამოყოფილი არ არის
- +

15 აპრილი. 2019. 12:32

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 1 ივლისს ამოქმედებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი.

 

საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, დაფინანსების თვალსაზრისით კონკრეტული თანხა გამოყოფილი არ არის, თუმცა მთავრობასთან მუშაობას გრძელდება იმისთვის, რომ სახსრების მობილიზება დროულად მოხდეს.

 

ქალდანის თქმით, საკითხზე მთავრობაში რამდენიმე წერილი უკვე გაგზავნილია.

 

„ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული პროგრესი უახლოეს დღეებში იქნება. თანხა უნდა გამოიყოს ინფრასტრუქტურისთვის. მოგეხსენებათ, გამოძიება სპეციფიკურია და მას სათანადო ინფრასტრუქტურა სჭირდება. ასევე მეორე საკითხია, ადამიანური რესურსი. ამ ყველაფერს სახსრები სჭირდება. სამართლებრივ და საორგანიზაციო საკითხებზე ინტენსიურად მუშაობა მიმდინარეობს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კანონის ამოქმედებისთვის ჩვენზე დამოკიდებული საკითხები მოწესრიგებული და მომზადებული იყოს“, - განაცხადა თამარ ქალდანმა.

 

საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველ იანვარს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ვადამ 1 ივლისამდე გადაიწია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე ხდება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი გარკვეული კატეგორიის დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას უზრუნველყოფს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner