თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით დედაქალაქის მთავრობა ახორციელებს ღონისძიებებს, რათა ქალაქში ყველაფერი მოწესრიგდეს და მოქალაქეებს ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ შეექმნათ.
ამასთან, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდების პროტესტზე განაცხადა, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა არავისთვის არ არის მისაღები.
„ვეთანხმები ახალგაზრდების პროტესტს, რადგან ოთხი შვილის მამა ვარ და ამ ქალაქში ვცხოვრობ. ზოგადად არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა არავისთვის არ არის მისაღები. ზუსტად დედაქალაქის მთავრობა ახორციელებს ღონისძიებებს, რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ავტობუსების განახლება, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, ზონალური პარკირება, ტაქსების რეფორმა, გამწვანებითი სამუშაოები, ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა. ცოტა ხანში დიღმის ჭალების მშენებლობას დავიწყებთ. ყველაფერი ეს საერთო ჯამში მოგვცემს იმ შედეგს, რაც თითოეულ ჩვენგანს უნდა, რომ ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, მოწესრიგებული და ჯანმრთელობის მხრივ არ შეგვიქმნას პრობლემები არც ჩვენ და არც მომავალ თაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში მოსწავლეებმა და სტუდენტებმა ქვეყანაში მწვანე გარემოს მდგომარეობა გააპროტესტეს და ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს.