„ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის თარიღი ზუსტდება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე - როდის მიიღებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მათ მიერ დაყენებულ საკითხებზე პასუხს.
ცქიტიშვილის თქმით, ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს.
„ჩვენ ვერ გვექნება პასუხი მოლაპარაკების გარეშე. სწორედ ამაზე არის მიმართული მოლაპარაკების პროცესი. დაველოდებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მათთვის მისაღებ თარიღს. შეხვედრაზე აპრილში ვართ შეთანხმებული, თუმცა ახლა დრო ზუსტდება. მხოლოდ ასეთი მოლაპარაკების შედეგად გაირკვევა, რა პოზიციების მიღება იქნება ჩვენთვის შესაძლებელი. შესაძლოა, შევძლოთ ახსნა საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის ჩვენი არგუმენტაციის. მოლაპარაკების დროს ხდება პოზიციების დაახლოება და შეჯერება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ აღნიშნულ ერთ შეხვედრაზე გახდება ყველაფერი ცხადი.
„ეს არის პროცესი, რომელსაც შესაბამისი დრო და მუშაობა სჭირდება ყველა მხრიდან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რვა პუნქტიანი მოთხოვნა წარუდგინეს.