logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილი საუბრობს პუტინივით
- +

15 აპრილი. 2019. 16:12

 

„მიხეილ სააკაშვილი საუბრობს პუტინივით“, - ასე შეაფასა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

 

„რეალურად, სააკაშვილს ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. თუ რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელი მას კარგად არ იცნობდა, ამ გამოსვლის შემდეგ უკეთესად შეიცნობენ მას. ეს არის ადამიანი, რომელიც რეალურად საუბრობს პუტინივით, რომელსაც ევროკავშირელები და ევროპელები კოლონიზატორები ეგონა ყოველთვის, დღესაც ჰგონია და ამას ხმამაღლა ამბობს. ჩვენ ვიცით ერთი, რომ ჩვენი ქვეყნის ტრადიციული, ისტორიული და ხალხის არჩევანი, რაც მთავარია, არის ევროპაში, ევროპელებთან. ამ გზაზე ჩვენს ხელისუფლებას ძალიან სტაბილურად მიჰყავს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

წულუკიანის თქმით, გრძელდება აქტიური მუშაობა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი, ევროპასთან უვიზო რეჟიმი შენარჩუნდეს და მას საფრთხე არ შეექმნას.

 

წულუკიანის განცხადებით, ძლიერდება ევროკავშირთან და NATO-სთან უპრეცედენტო სიახლოვე.

 

„რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ჩარჩენილი იმ წარსულში, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ამიტომ, ალბათ, მის პერსონაჟზე ამდენი მსჯელობა არ იქნებოდა სასურველი და ეს დროის კარგვაა“, - აცხადებს თეა წულუკიანი.

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 12 აპრილს ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ზედმეტად წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, ისევე, როგორც არავის სჭირდებოდა ზედმეტად წარმატებული საქართველო. მისივე თქმით, ერთი მხრივ, არსებობს პუტინი, რომელსაც უკრაინა არ სჭირდება, ხოლო მეორე მხრივ - დასავლეთი კოლონიალური მიდგომებით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner