პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო სახალხო დამცველს სავარაუდოდ ამ კვირაში მოუსმენს.
როგორც კობახიძე განმარტავს, უფრო კონკრეტული თარიღი დღის წესრიგის მიხედვით გაირკვევა.
„ჩვენ რეგლამენტის თანახმად გვევალება სახალხო დამცველის მოსმენა. იმისდა მიხედვით, როგორ შეიძლება ჩაჯდეს ეს საკითხი დღის წესრიგში, რომელიც გარკვეული პერიოდით ადრე დგება, ამ დღის წესრიგის გათვალისწინებით, მე დარწმუნებული ვარ, შევძლებთ სათანადო დროის გამონახვას, რომ ამ კვირაშივე მოვუსმინოთ სახალხო დამცველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და აცხადებს, რომ გადაწყვიტა, საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე მოხსენებით მიმართოს.