logo_geo
eng_logo
ამირან ბუთურიშვილი: გენო კალანდია - 80 (1939-2017)
- +

15 აპრილი. 2019. 18:29

 

„დღეს პოეტი გენო კალანდია 80 წლის გახდებოდა“, - ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი წერს.

 

ამასთანავე, ჟურნალისტი ბუთურიშვილი, პოეტ გენო კალანდიას შესახებ ვრცელ პოსტს მის ლექსებთან ერთად აქვეყნებს.

 

„დღეს, 15 აპრილს, პოეტი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე გენო კალანდია 80 წლისა გახდებოდა. 2017 წლის 15 მარტს გარდაიცვალა. 2017 წლის 19 მარტს გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე გენო კალანდია თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძრიდან ქართველმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა. გენო კალანდია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. დაუმკვიდროს უფალმა ნათელი მარადიულ სასუფეველში.

 

დაიბადა ზუგდიდში, 1939 წლის 15 აპრილს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სამედიცინო სასწავლებელში. შემდეგ დაამთავრა ჟურნალისტიკის უმაღლესი კურსები (1964). იყო სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი (1960 - 1962), აფხაზეთის რადიოს დიქტორი (1964 - 1966), სოხუმის რაიონული გაზეთის კორესპონდენტი (1966 - 1970), აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტი (1970 - 1974), აფხაზეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე (1974 - 1978), აფხაზეთის მწერალთა კავშირის მდივანი (1976 - 1989), აფხაზეთის განთავისუფლების პარტიის წევრი, აფხაზეთის გ. შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე. იყო პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ღირსების ორდენის კავალერი (1997), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994).

 

გენო კალანდიას ლექსები პერიოდულად იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემაში. პოეტის ლექსების კრებული „ცა და ფოთლები“ 1967 წელს სოხუმში გამოიცა. მოგვიანებით სოხუმშივე გამოქვეყნდა მისი ლექსები „ზაფხულის სიზმრები“ და „ფესვები“. 1972 წელს „თოვლის სასახლე“ თბილისში დაიბეჭდა. გენო კალანდიას ეკუთვნის ასი სონეტი - „გრაალი და კარიატიდები“ და პოეტის „ასი ლექსი“, - წერს ამირან ბუთურიშვილი.

 

***

თქვენ ყვავილივით გატირებთ წვიმა

 

თქვენ ყვავილივით გატირებთ წვიმა,

მე გაზაფხულის მაფიქრებს ქარი

და ცხადად ვხედავ: ვით ამას წინათ,

ეზოში სტუმრად შემოდის მტკვარი.

როგორც იტყოდა ურუქის ბრძენი:

მზე სიყვარულის ურუქით ჩადის...

მე გამეხსნება ჭრილობა ძველი

და გამოვიხმობ ჰამლეტის აჩრდილს.

მე სიყვარულის ამოვხსნი იგავს...

მე – თიხის თიხა და მთვარის შვილი,

ავდგები... დავწერ მომავლის წიგნებს

ან ფეხშიშველა სოფელში ვივლი.

 

***

თქვენ შავი ღვინო მიირთვით თასით

ბესიკი - ანა დედოფალს

 

მე სასახლეში გეწვევით კვირას,

ვით ახალგაზრდა თქვენი მსახური,

მე თქვენ მიყვარხართ!

მე ცუდად მძინავს...

მე სიკვდილს ვებრძვი მთელი ზაფხული.

მე ერთგულების მიბოძეთ ხუნდი,

მათ მთელი ქვეყნის ბაჯაღლო ჰქონდეთ,

მე შემიძლია, სუყველა მძულდეს,

თქვენ, დედოფალო, – აღარასოდეს.

მე განდეგილის მეკუთვნის ფლასი,

ვით წესი ითხოვს და ქრისტეს მცნება,

თქვენ შავი ღვინო მიირთვით თასით,

მე საწამლავის მომეცით ნება!

 

***

სიზმარ-ცხადის ლექსი

 

არ მომიწამლო სიცოცხლე, არ მომიკვეთო უცებ,

მე გაზაფხულის ჩიტივით ვეძებ საკუთარ ბუდეს.

არ განმიკითხო, ცოდვილო, არ დამიბრმავო თვალი,

ისედაც ბრმა ვარ, ბოგანო, ჩონჩხი, გამხმარი ძვალი.

იქ დამრჩა ერთი საფლავი, ერთი ლამაზი ბორცვი,

მივდივარ, მიწას ვასწორებ... სულმოუთქმელად ვკოცნი.

არ მომისწრაფო საწუთრო, არ გამიფანტო მრევლი,

არ აგერიოს წვიმაში ობლის, ხიზანის ცრემლი.

უფლისა ჩვენის სახელით – მოდი, სიზმარში მნახე,

წითელა ბატონებივით რომ გამინათო სახე.

მებუკედ ვივლი, მეაბჯრედ... გამოგაღვიძო, იქნებ,

წმინდანის სანთლებს აგინთებ შვიდი არშინის სიგრძეს.

არ შემატოვო ქარიშხალს, არ ამიცურო ნავი,

მართლა არ მომაკვლევინო ამ გაზაფხულზე თავი.

 

***

მე სონეტების გადავყრი გვირგვინს

 

მე სონეტების გადავყრი გვირგვინს,

მე სახელს ჩემსას და ლექსებს ვჩუქნი,

მე მოვიწამლე შუმანით, გრიგით

და კიდევ: თქვენი თვალების შუქით.

მე გაზაფხულის გიყიდით თავშალს

და თქვენი ბაღის დავაფრთხობ ქორებს,

მე დონ-კიხოტის მაჩუქეთ დაშნა,

თქვენ ესპანეთის ვარდები გქონდეთ.

 

***

კომპოზიცია დედის პორტრეტისათვის

ნიკო ლორთქიფანიძის ინტერპრეტაციით

 

იყიდეთ საქართველო, –

საბრალო დედაჩემი,

იყიდეთ პოეტის გული...

იყიდეთ სათვისტომოო,

სახამრო, სანავარდო,

სხივების წერიული წნულით,

იყიდეთ ჰარმონია, ჰიმნები, სიმღერები,

არაგვის, ალაზნის რითმი,

იყიდეთ გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა,

ზამთარი დევნილის ფილტვი...

იყიდეთ აფხაზეთი, მესხეთი, სამაჩაბლო,

მამათა უხორცო ძვლები,

იყიდეთ ტაბაწყური, იკორთა, ივრისხევი

სადაფის ძვირფასი თვლებით...

იყიდეთ შადრევანი, პალმა და მაგნოლია,

ფერადი ზურმუხტის თვლები,

იყიდეთ ჩანჩქერები, ქართული ფლეიტები,

შროშნების რძისფერი ხევით...

იყიდეთ სამეგრელო ბედკრული ანტიგონე,

ალივით მცხურვალე სისხლით,

იყიდეთ ოდოია, თიბათვის ლიტანია,

ბიბლიის პირველი წიგნი...

იყიდეთ ქარწვიმები,

ბებერი მებუკენი,

ჯიბე გახვრეტილი შარვლით,

იყიდეთ მარტოობა, ცრემლები, უძილობა,

მარტოდ დარჩენილი ქალის...

იყიდეთ ლაჟვარდები,

ტყეები, ვარსკვლავები,

იყიდეთ ირაო ორბის,

იყიდეთ ღვთისმშობელი თორმეტი ანგელოზით,

თორემეტი მზისფერი კორდით...

იყიდეთ ოპიზარი ხატები, მინანქრები,

თვით გამოცხადება უფლის...

იყიდეთ მეტაფორა რტოები იასამნის,

მეტეხის უტეხი უბნის,

იყიდეთ ქარვასლები, ტაძრები, ჩუქურთმები,

დავითის სამეფო გერბით,

იყიდეთ იადონი,

ქართული ყელ-კისერით,

ქართული საერო ხმებით...

იყიდეთ საქართველო, –

საბრალო დედაჩემი,

იყიდეთ პოეტის გული...

 

***

მამა

 

აქ არის ჩემი ცისფერი სახლი,

აქ ცხოვრობს ჩემი კეთილი მამა,

ეზოში დარბის ნაცარა ძაღლი

და უყეფს ღამეს და მთვარის მამალს.

ო, მამაჩემო, გაშალე შუბლი,

შე ხარის გულო, აიღე ჭიქა,

მე გიმკურნალებ ფაზისის შუქით,

მე აქაური წვიმები მიყვარს.

მე სამეგრელოს მინდვრების ფერი

თვალებში ჩამრჩა, ვით დიდი განძი,

და ბავშვობიდან სახის იერით

მე აქაური მეცნობა კაცი.

ო, მამაჩემო, აანთე ცეცხლი,

გახსენი სულის შვიდივე ბჭენი,

ავწონოთ ჩემი ოქრო და ვერცხლი,

ზედ მივაწეროთ სახელი შენი.

მე სამეგრელოს მიმიღებს მიწა,

თუ მეღირსება სიკვდილი მშვიდი,

მე სიზმარს ვხედავ: მოხუცი ძიძა

გამოსალოცად ილორში მიდის.

მე არ მეკუთვნის მიქავას ხმალი,

მაგრამ მე პასუხს ყველაზე ვაგებ,

მე გუშინ ვნახე მეგრელი ქალი,

ცისკრის ვარდივით გახსნოდა ბაგე.

მე ვესალმები სალხინოს ნისლებს,

მე ჩემთვის უცნობ სივრცეებს ველტვი

და ხაინდრავას ცხენივით ისევ

გასარბენი მაქვს ათასი ვერსი.

მე აქაური მიწამლებს ჰავა,

მე აქაური მერგება დაღი,

აქ ცხოვრობს სამი პოეტის მამა,

აქ არის ჩემი სამოთხის ბაღი.

 

***

ქორწილი

 

გაზაფხული ამოსულა მთაში, –

მთვარის მერვედ მოვანების შაბათს,

იაგუნდი გიხდებოდათ თმაში,

გიხდებოდათ შინდისფერი კაბა.

იშლებოდა საქორწილო სუფრა,

ზიმზიმებდა მეფიონის დოლი,

მოჰყვებოდა ახალგაზრდა სტუმარს

ბევრად უფრო ახალგაზრდა ცოლი.

როგორც თევზი მებადურის ბადეს,

როგორც ფური აცურებულ ბოგირს,

ცალი თვალით უყურებდა მდადე

მთვარის ჩქერით განათებულ ლოგინს.

ვარდის კვირას თხოვდებოდა ყვავი,

მეცხრე ცოლად მიჰყვებოდა ძერას,

ვით სამოთხის თვალჟუჟუნა ყვავილს

მაყრიონი გიყურებდა ცერად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner