ჩემო ლაშა, შენ წერ - იონა მეუნარგია, გვანჯი ჩიქვანი და ფერდინანდ ჟღერია ზუგდიდში ისეთ დიდებულ სტუმრებს მასპინძლობდნენ, ახლა ზუგდიდში სააკაშვილის ცოლის მასპინძლობა სირცხვილი და თავის მოჭრა არისო!
ცამდე მართალი ხარ, ჯიმა, მაგრამ რაოდენაც არ უნდა გვიმძიმდეს ამის აღიარება, იონა მეუნარგიას, გვანჯი ჩიქვანისა და ფერდინანდ ჟღერიას ზუგდიდი კარგა ხანია, აღარ არსებობს.
როლანდ ახალაიას, ბაჩო ახალაიასა და დათა ახალაიას ზუგდიდმა მოკლა იონა მეუნარგიას, გვანჯი ჩიქვანისა და ფერდინანდ ჟღერიას ზუგდიდი.
ხომ იცი, ნათქვამია - ზუგდიდი ვინც მოკლა, იმანვე უნდა გადაათრიოსო და როლანდ ახალაიას, ბაჩო ახალაიასა და დათა ახალაიას მიერ მოკლული იონა მეუნარგიას, გვანჯი ჩიქვანისა და ფერდინანდ ჟღერიას ზუგდიდი მეგისებმა და კოხტებმა დამარხეს.
ამიტომაც არის, რომ ახლა მანდ ასე უსირცხვილოდ და უშუბლისძარღვოდ დაფართხუნობს ის სისხლისმოყვარე ჰოლანდიელი „ლედი მაკბეტი“, ბავშვობისდროინდელ კომპლექსებში ჯანჯუხასავით ამოვლებულ და ადამიანთა მოდგმაზე გაბოროტებულ თავის ქმარს დღენიადაგ ძალაუფლების მოსახვეჭად რომ აგულიანებდა და საბოროტო, სისხლიანი საქმეების ჩასადენად აქეზებდა.
ამიტომაც არის, რომ მისთვის მასპინძლობის გაწევა სულ პატარა მორალურ უხერხულობასაც არ უქმნის როლანდ ახალაიას, ბაჩო ახალაიასა და დათა ახალაიას ზუგდიდის ზოგიერთ მკვიდრს, რომელიც თავისი ამ საქციელით ხელახლა კლავს და მარხავს იონა მეუნარგიას, გვანჯი ჩიქვანისა და ფერდინანდ ჟღერიას ზუგდიდს.
გულწრფელად გეტყვი, ლაშა, მე მართლა მეცოდება ის ხალხი, ვინც ახლა სააკაშვილის ცოლის მასპინძლობით ბედნიერია და ალბათ, სამეზობლო-სანათესაოში თავსაც კი იწონებს - აქეთ შემომხედეთ, ნახეთ რა პატივი მერგო, როგორი სტუმარი მეწვიაო.
დიახ, მეცოდება, ლაშა, რამეთუ არ იციან, რას იქმან და როგორ შავად ალაქავებენ თავიანთი შთამომავლობის მომავალს.
დადგება დრო, როცა პირუთვნელი მემატიანე ახლანდელი საქართველოს ისტორიას ობიექტურად ჩაწიგნავს და ჩვენი ნაგრამი სკოლაში დაისწავლის მას.
აი, სწორედ მაშინ იქნებიან შესაბრალისი სააკაშვილის ცოლის დღევანდელი მასპინძლების შთამომავალნი, რადგან გაიგებენ და მიხვდებიან, რომ მათმა წინაპრებმა საქართველოს დამაქცევარი, სისხლისა და ცხედრების უხვად მომტანი სააკაშვილის ოჯახის წევრს თავიანთი ოჯახის კარი გაუღეს და გულში ჩაიხუტეს.
საცოდავია, ლაშა, ძმაო, ეს ხალხი, მართლა საცოდავია!
რაც შეეხება ზუგდიდში წინ და უკან მოტრაშუნე „ლედი მაკბეტს“, აბა, ერთი, თუ ქალია, მისი ქმრის რეჟიმის ჯალათების მიერ დახვრეტილი პაატა ქარდავას ოჯახს ესტუმროს!
მისი ქმრის რეჟიმის ჯალათების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული, ქონებაწართმეული, ციხეში ნაწამები და დაინვალიდებული მურმან როგავას ოჯახში მივიდეს!
მისი ქმრის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული, ნაწამები და მორალურად განადგურებული ცხონებული ნაპო გაბისონიას ოჯახში შეიაროს!
ჰო, მივიდეს და უთხრას პაატა ქარდავას, ნაპო გაბისონიას, მურმან როგავას ოჯახის წევრებს - ხმა მომეცით, მერად ამირჩიეთო!
ახლა რომ მასპინძლობენ და სუფრებს უშლიან, ის ხალხი იახლოს და ოდიშის ტყეშიც ავიდეს: ერთი-ორი ცრემლი გადმოაგდოს იმ ადგილას, მისი ქმრის ჯალათები მეგრელ ბიჭებს თოკით აბამდნენ და ავადმყოფ თემურ უბირიას 30 ლარის საფასურად აუპატიურებინებდნენ!
ჩემო ლაშა, იონა მეუნარგიას, გვანჯი ჩიქვანისა და ფერდინანდ ჟღერიას ზუგდიდს ვინ გაუბედავდა იმის კადრებას, ქართველების სისხლში მოთხვრილი რეჟიმის პატარძალი, მეგრელი ბიჭების გამაუპატიურებელი ჯალათების მამათვარ სააკაშვილის ცოლად მომუშავე, საკუთარი ქმრის მიერ ათას კახპაში გაცვლილი დედაკაცი ქალაქის თავად აირჩიეო?
ამას მარტო ახალაიების, მეგისქარდავებისა და კოხტაკოდუების ზუგდიდს გაუბედავენ, რომელმაც იონა მეუნარგიას, გვანჯი ჩიქვანისა და ფერდინანდ ჟღერიას ზუგდიდი მოკლა და დამარხა.
ლაშა ძვირფასო, მომიტევე ასეთი სკეპტიციზმი, რომელსაც, შესაძლოა, არც იზიარებ, მაგრამ მე თუ ვცდები, დაე, ჩვენმა საყვარელმა ქალაქმა 19 მაისს საპირისპირო დაამტკიცოს!
ჯაბა ხუბუა