logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: რუმინეთი არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მისწრაფების ძალიან მტკიცე მხარდამჭერი
- +

15 აპრილი. 2019. 20:49

 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუმინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან რუმინეთი გახლავთ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და საჭიროა აქტიური კომუნიკაცია ამ ქვეყანასთან. დავით ზალკალიანმა რუმინეთში მამუკა ბახტაძის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, როგორიც არის ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და შავი ზღვის რეგიონის უფრო ეფექტიანად გამოყენების პერსპექტივები.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, გამომდინარე იქიდან, რომ რუმინეთი გახლავთ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და  ძალიან მნიშვნელოვანია თავმჯდომარეობის პერიოდში ამ ქვეყანასთან აქტიური კომუნიკაცია, რადგანაც საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს როგორც ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, შავი ზღვის რეგიონის უფრო ეფექტიანად გამოყენების პერსპექტივებზე. ეს რეგიონი დღეს თანამედროვე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრშია, როგორც ნატოს უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. მნიშვნელოვანია ასევე შავ ზღვაზე ძალიან აქტიურად განვავითაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები, ვისაუბრეთ სატრანსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტიან გამოყენებაზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ  ბუქარესტში ერთი თვის წინ, რუმინეთის, საქართველოს,   თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების  ოთხმხრივი შეხვედრა შედგა, სადაც კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრეს,  თუ როგორ უნდა დაახლოვდეს კიდევ უფრო კასპიის რეგიონი შავი ზღვის რეგიონთან საქართველოს გავლით. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის  ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

 

„ერთი თვის წინ აქ გვქონდა ჩვენ ოთხმხრივი შეხვედრა რუმინეთის, საქართველოს  თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების , სადაც კონკრეტულ გეგმებზე ვისაუბრეთ,  თუ როგორ დავაახლოოთ კიდევ უფრო კასპიის რეგიონი შავი ზღვის რეგიონთან საქართველოს გავლით და ბუნებრივია, ეს თემები იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი . მათ შორის საუბარი იყო ენერგეტიკულ პროექტებზეც და ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული პერსპექტივები არსებობს. გარდა ამისა, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე. რუმინეთი არის საქართველოს, ჩვენი ქვეყნის  სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ძალიან მტკიცე მხარდამჭერი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

დავით ზალკალიანის განცხადებით, წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელია  და რუმინეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია ამ კუთხით,   მინისტრის განმარტებით, ბუქარესტში გამართულ   შეხვედრებზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის მოსამზადებელ სამუშაოებს და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის აღნიშნავს, საქართველოს და რუმინეთს აქვთ მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების კონტექსტში.

 

„მოგეხსენებათ, რომ წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელია  და რუმინეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის როლი ამ მხრივ არის უაღრესად მნიშვნელოვანი. სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის მოსამზადებელ სამუშაოებზე იყო საუბარი, ასევე საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერაზე . რა თქმა უნდა ნატოს და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ეს გახლავთ. რუმინეთი, როგორც შავი ზღვის რეგიონის და ნატოს წევრი ქვეყანა , მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ კუთხით და ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების კონტექსტში. ბუნებრივია ასევე ვისაუბრეთ სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირში საქართველოს ფიზიკურ ინტეგრაციაზე ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და რუმინეთს ამ კუთხითაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, რომ ძალიან შინაარსიანი ვიზიტი იყო , რომელიც თავის ხელშესახებ შედეგებს უახლოეს  პერიოდში აუცილებლად მოგვცემს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

საგარეო საქმეთა  მინისტრი დავით ზალკალიანი რუმინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner