logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა: საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს მიზანი - რომ ინტეგრაცია იყოს უფრო ღრმა, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს
- +

15 აპრილი. 2019. 21:20

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, დღეს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინეს, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების პროცესში საპარლამენტო საქმიანობას განსაზღვრას.

 

სამოქმედო გეგმის წარდგენას, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა, საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

„2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარმატებული შესრულებით, ჩვენ შემდეგი მოწვევის პარლამენტს დავუტოვებთ პოზიტიურ მემკვიდრეობას და მყარ ფუნდამენტს ასოცირების შეთანხმების შესრულებაში შემდგომი პროგრესის მისაღწევად და ამ ისტორიული პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას.

 

მისი განცხადებით, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სტრატეგიულ მიზნებს, ამოცანებსა და აქტივობებს სამი მიმართულებით - კანონშემოქმედებითი საქმიანობა, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესზე ზედამხედველობა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

„სამოქმედო გეგმა ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ პარლამენტმა და მისმა ორგანოებმა შეთანხმებულად და გეგმაზომიერად იმუშაონ მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ჩვენი მოქალაქეებისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიც არის სურსათის უვნებლობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა პოლიტიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვეტერინარია და ა.შ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-პოლიტიკურ და ღირებულებით არჩევანს ეფუძნება.

 

„ასოცირების ხელშეკრულების შესრულება არ არის რომელიმე რიგითი დოკუმენტით გათვალისწინებული უბრალო ტექნიკური საქმიანობა,  ეს არის საქართველოს განვითარების და წინსვლის სამოქმედო გეგმაც. ეს არის საშუალება იმისა, რომ  შემდგომ თაობებს დავუტოვოთ უფრო მოწესრიგებული, მშვიდობიანი და სტაბილური, მეტი კეთილდღეობის მქონე დამოუკიდებელი სახელმწიფო“, - მიმართა დამსწრე საზოგადოებას ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, შედეგზე ორიენტირებული ექსპერტული ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საქართველოს პარლამენტის სახელით, მათ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

 

 „კონსტიტუციის ახალი რედაქციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტმა შეიძინა უფრო ძლიერი ბერკეტები და ახალი ფუნქციები იმისათვის, რომ განახორციელოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების უფრო ეფექტური ზედამხედველობა და ამ მხრივ პირნათლად შეასრულოს კანონშემოქმედებითი ფუნქციაც. ამ ფართომასშტაბიანი საქმიანობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია, პოზიტიური ცვლილებების და სარგებლის ნათლად წარმოჩენა, ამ მხრივ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება კომპლექსური ამოცანაა, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი სურვილი იყო, კოორდინირებული ყოფილიყო ყველა ის მცდელობა, აქტივობა და საქმიანობა რომელსაც ეწევიან პარლამენტის ცალკეული კომიტეტები, რათა ჩვენ უფრო ეფექტიანად, გეგმაზომიერად და წარმატებით შევასრულოთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება. სასიამოვნოა, როდესაც ხაზგასმა ხდება იმისა, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით ლიდერია, თუმცა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ წინ ძალიან გრძელი და რთული გზა გვაქვს  გასავლელი. ჩვენ მზად ვართ, რომ საერთო ძალისხმევით, სხვადასხვა კომიტეტებთან ერთობლივი მუშაობით,  გაძლიერებული კოორდინაციით, ხელი შევუწყოთ საკანონმდებლო ჰარმონიზაციას, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციისა და წარმომადგენლობითი როლის გაძლიერებას“, - განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების საქმეში პარლამენტის გაზრდილ როლზე ისაუბრა და ამ მიმართულებით  ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება ხაზგასმით აღნიშნა.

 

„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მიღწევებს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, საქართველოს პარლამენტი საკვანძო როლს ასრულებს შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობისა და დემოკრატიული რეფორმების  გატარების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

 

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის,  ლუიზა ვინტონის თქმით, დეტალური სამოქმედო გეგმის არსებობა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ის პარლამენტის ორწლიან საქმიანობას განსაზღვრავს.

 

„ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ამბიციურ და დროში მკაცრად გაწერილ დღის წესრიგს სთავაზობს. მოხარულები ვართ, რომ ხელი შევუწყვეთ საქართველოს პარლამენტს შეემუშავებინა  სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს მის ორწლიან საქმიანობას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც საქართველოს პარლამენტი შეძლებს ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან. ამ მხრივ, ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ევროკავშირთან დაახლოება არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ამ მხრივ პარლამენტმა ზუსტად იცოდეს რისი გაკეთება არის საჭირო როდის, ვინ არის რაზე პასუხისმგებელი და თავად პარლამენტმა რა უნდა გააკეთოს“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

 

თამარ ხულორდავამ, საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენამდე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მომხსენებელმა ისაუბრა კომიტეტის როლზე და სტრუქტურაზე. სტრატეგიულ მიზნებზე და სამოქმედო გეგმაზე საუბრისას, თამარ ხულორდავამ ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებას. ისაუბრა ევროკავშირთან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა-განხორციელებაზე; ასოცირების შეთანხმებისა და დღის წესრიგის შესასრულებლად განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საპარლამენტო ზედამხედველობაზე და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ამ მიმართულებებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ვრცლად ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო დიპლომატიაზე.

 

თამარ ხულორდავამ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა. საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმა ეყრდნობა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით 2017 წელს ჩატარებულ საბაზისო კვლევას. გეგმის მიზანია პარლამენტის როლის გაძლიერება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების საქმეში და ამ პროცესში ჩართული საპარლამენტო კომიტეტების ერთიანი სტრატეგიული მიდგომის ჩამოყალიბება. გეგმით განსაზღვრული საპარლამენტო საქმიანობის სამი სტრატეგიული მიზანი მოიცავს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოებას, ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობას  და საზოგადოებასთან კომუნიკაციას ევროინტეგრაციის შესახებ.

 

საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაახლოვდეს 346 დირექტივასთან, 213 რეგულაციასთან, 57 გადაწყვეტილებასა და 31 რეკომენდაციასთან, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სტანდარტებთან. ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე ამ ვალდებულებათა თითქმის ნახევარი უნდა შესრულდეს.

 

დღევანდელ შეხვედრაში საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, რომელთაც, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, დარგების მიხედვით განხორციელებულ თუ დაგეგმილ აქტივობებზე ასევე, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

„პარლამენტის ახალი სამოქმედო გეგმა ქმნის საპარლამენტო საქმიანობის ჩარჩოს, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის შექმნას, შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციას უკავშირდება. ჩვენ გეგმაზომიერად ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს თავისი მიზანი - რომ ინტეგრაცია უფრო ღრმა იყოს, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner