logo_geo
eng_logo
რეზო ჩხიკვიშვილი: ყველას ვუსურვებ, რომ ეს პროექტი ისე შედგეს, როგორც გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებს ეკადრება!
- +

27 მაისი. 2016. 13:28

 

 

31 მაისს ქართელ მაყურებელს დიდი პრემიერა ელოდება. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, ქართველი კლასიკოსის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები „სამოსელი პირველი" იდგმება.

 

 

მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამის რეპეტიციები გრძელდება და წინასაპრემიერო მღელვარებაც მატულობს. სპეციალურად ამ პროქტისთვის საქართველოში მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ჩამოვიდა. მსახიობის თქმით, ამ პროექტში მონაწილეობა, მისი მხრიდან ერთგვარი რისკია, ვინაიდან მხოლოდ 3-დღიანი რეპეტიციების შემდეგ უნდა ითამაშოს ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის დომენიკოს მამის  როლი.

 

 

 „სამოსელ პირველს" თუ ვინმე შეჰბედავდა და სცენაზე გადმოიტანდა, არ მეგონა.  ძალიან დიდი მოწიწებით ვარ ამ ნაწარმოების მიმართ, ავტორის - გურამ დოჩანაშვილის მიმართ. ჩემთვის ძალიან ამაღლებულია ეს ნაწარმოები, ძალიან ფაქიზი, ფილოსოფიურია. ეს მიქსი ერთი მხრივ ძალიან საინტერესოა და მეორე მხრივ - რისკია. ძალიან ცოტა დრო მაქვს, მხოლოდ 3 დღის რეპეტიციით უნდა შევიდე მამის როლზე. სხვა ჩემს ადგილას არ გარისკავდა! 

 

 

ამ ნაწარმოებში მამა, ჩემთვის არ არის მხოლოდ ბიოლოგიური მამა. ის მამაა, რომელიც აერთიანებს მშვიდობას, სიყვარულს, მიმტევებლობას, სიბრძნეს. შემიძლია შემოქმედს შევადარო. წარმოდგენას მე ვიწყებ და მე ვამთავრებ. ამდენად, ძალიან მოწიწებით ვარ ამ როლის მიმართ.

 

 

მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო შემოქმედებით ჯგუფს. მიხარია, რომ ქართულ ხელოვნებაში ახალმა სიომ დაჰბერა. ეს ნაწარმოები ძალიან სჭირდება დღეს ჩვენს ერს. ჩვენ გვჭირდება სიყვარულის ბრძოლა ბოროტებასთან, გვჭირდება მიმტევებლობა, ჩვენ გვჭირდება სიტყვა, რომელიც არის „სამოსელი პირველი". ჩვენ გვჭირდება ჩვენი ღირებულებები! ეს პროექტი ძალიან დიდი მოვლენაა და ყველას ვუსურვებ უფლის წყალობას და რომ ეს პროექტი ისე შედგეს, როგორც გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებს ეკადრება!"

 

 

„რეპორტიორი" უერთდება ამ სურვილს და წარმატებას უსურვებს არაორდინარულ პროექტსა და მის ყველა მონაწილეს!


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner