logo_geo
eng_logo
ბელა მირიანაშვილი: კახიმ ვერცხლში ჩამსვა თავიდან ფეხებამდე!
- +

27 მაისი. 2016. 13:30



მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებთან გიორგი თოლორდავასა და მის მეუღლესთან, დალი მაცაბერიძესთან დაღესტნიდან ხშირად ჩამოდიოდა ერთი კაცი - მამედა. ხელთ მუდამ დაღესტანში ნაკეთები ვერცხლის ნივთებით სავსე დიდი ჩემოდანი ჰქონდა. გაშლიდნენ ხოლმე მაგიდაზე მშვენიერ ნივთებს, შემოეხვეოდნენ ნაცნობ-მეგობრები და ყიდულობდნენ მამედასაგან მშვენიერ ვერცხლის ნაკეთობებს. ბელა მირიანაშვილსაც ძალიან უყვარდა ვერცხლი. ერთხელ ქალბატონმა დალიმ შესთავაზა, თუ გინდა, მამედას თეატრში მოგიყვან, აარჩიე, რაც მოგეწონებაო. სიხარულით დათანხმდა ბელა. იმ დღეს კახი და ბელა ჩვეულებრივ მივიდნენ თეატრში. მამედაც მომზადებული დაახვედრეს. ამოიღო და ამოიღო ჩემოდნიდან ვერცხლის ქამრები თუ გულსაკიდები, საყურეები, ბეჭდები, ჯაჭვები... „რა ლამაზია!" - შესძახა ბელამ. მერე ერთი ნივთიდან მეორეზე გადაიტანა მზერა. „ესეც რა მშვენიერია!" და ასე დაუსრულებლად... მოულოდნელად კახიმ მიმართა: მამედ, ერთი აქეთ მობრძანდითო და, საგრიმიოროდან გარეთ გაუძღვა. ცოტა ხანში დაბრუნდნენ. კახიმ ხელი მოხვია ყველაფერს, რაც მაგიდაზე ეწყო და სავარძელში მჯდომ ბელას კალთაში ჩაუყარა: ყველაფერი შენიაო.
ამის მერე ბელა დიდიხანი ხუმრობდა - კახიმ ვერცხლში ჩამსვა თავიდან ფეხებამდეო.
თვეების შემდეგ მამედა ქუჩაში შეხვედრია დალი მაცაბერიძეს: ვაჰ, ეს რა კაცი იყო, მთელი ჩემოდანი ვერცხლი იყიდა, თანაც გვარიანად გადამიხადაო!


 

წყარო: თბილისი იყო ურთიერთობა

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner