logo_geo
eng_logo
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი სრულად ჩააქრეს
- +

16 აპრილი. 2019. 12:29

 

 

პარიზის სახანძრო კორპუსის ოფიციალური წარმომადგენლის გაბრიელ პლიუსის განცხადებით, მეხანძრეები ადგილზე მთელი დღის განმავლობაში დარჩებიან.

 

ხანძრის დროს ორი პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის სახანძრო სამსახური ავრცელებს.

 

„ცხრასაათიანი მძვინვარე ბრძოლის შემდეგ, 400 პარიზელმა მეხანძრემ საშინელი ხანძარი დაამარცხა. ორი პოლიციელი და მეხანძრე დაშავდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

პარიზის მერი ან იდალგო ტაძრის აღდგენის მიზნით დონორთა კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

 

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები - მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია - ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner