„ორპარტიული მხარდაჭერა, რომლითაც კონგრესის პოლიტიკა ხასიათდება, ნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა საიმედოა და მომავალზეა ორინეტირებული“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული დელეგაციის დემოკრატიული პარტნიორობის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ კავშირზე ისაუბრა.
„მოხარული ვარ, პარლამენტის სახელით მოგესალმოთ საქართველოში, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისათვის. თქვენი ვიზიტი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების კიდევ ერთი დადასტურებაა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა სულ უფრო ღრმავდება და შეგვიძლია დაბეჯითებით და სიამაყით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარტნიორობა არასდროს ყოფილა ესეთ მაღალ დონეზე როგორიც არის დღეს. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმთავრესი საფუძველი არის დემოკრატიული განვითარება, რომლის მთავარი მხარდამჭერი იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატები. ორპარტიული მხარდაჭერა, რომლითაც კონგრესის პოლიტიკა ხასიათდება, ნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა საიმედოა და მომავალზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის სფეროებს რეგიონში და იმედი გამოთქვა, რომ ახალ საფეხურზე გადავა თავისუფალი ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის.
„საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა ემყარება არამარტო ღირებულებით, არამედ რეგიონული პოლიტიკური ინტერესების თანხვედრასაც. ჩვენი ქვეყნები დაინტერესებულები არიან სტაბილურობით და მშვიდობით რეგიონში, რათა რეგიონის ქვეყნებმა გააკეთონ თავისუფალი არჩევნები საერთაშორისო და საშინაო ორიენტაციისა და განვითარების მიმართულებით.
საქმიანი კავშირები სულ უფრო მყარდება, ამას განაპირობებს, როგორც ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები, ასევე ჩვენი პარლამენტების წევრებს შორის მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობა. მადლობას გიხდით აღმოჩენილი პოლიტიკური სამხედრო და ფინანსური მიმართულებით ახალი ინიციატივებისათვის. კონგრესის მიერ მიღებული კანონმდებლობა, წარდგენილი რეზოლუცია, დოკუმენტები განსაკუთრებულ იმპულსს აძლევს არამარტო ორმხრივ ურთიერთობას, არამედ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასაც. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობების კვალდაკვალ შევძლებთ თავისუფალი ვაჭრობის სფეროში ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს შეგვიქმენის.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩამობრძანებისთვის, მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა კობახიძემ.