logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ლაგვილავა: პირველი რეაქცია, სიხარული და გაკვირვება...
- +

27 მაისი. 2016. 13:35



გრანდიოზული პროექტი „სამოსელი პირველი", რომელსაც კომპოზიტორმა ზაზა მარჯანიშვილმა სული ჩაუდგა, 180-კაციანი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში დაიდგმება. აღნიშნული პროექტი კომპოზიტორმა ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით შექმნა. მასში შერწყმულია საოპერო, საბალეტო, სახვითი ხელოვნების და დრამატული თეატრის ელემენტები.


ღამის დარჯის - ლეპოლდინოს როლზე, ქართველი ბარიტონი ნიკოლოზ ლაგვილავა დაამტკიცეს. „რეპორტიორი" რეპეტიციაზე ესტუმრა ნიკოლოზ ლაგვილავას და სცადა, პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღო.


- როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია, როდესაც გაიგეთ, რომ ლეგენდარულ პროექტში „სამოსელი პირველი" საპატიო ადგილი გქონდათ?


- პირველი რეაქცია იყო მრავალნაირი, სიხარულიც და ცოტა გაკვირვებაც. ამ ნაწარმოებში ვერ წარმომედგინა საოპერო მომენტის ჩართვა, იმიტომ რომ, თვითონ დოჩანაშვილის ნაწარმოები სხვანაირი ფაქტურისაა. ჩემი როლი რომ მითხრეს, უფრო გამიხარდა, ძალიან საინტერესო პერსონაჟია.


- როგორია 180-კაციან შემოქმედებით ჯგუფთან ერთად სცენაზე დგომა და როგორ მიმდინარეობს სარეპეტიციო სამუშაოები?

 

- ბავშვობიდან ვარ ხალხმრავლობაში და ამ საქმეში ჩართული. „საგიჟეთში"  ყოფნას მიჩვეული ვარ. ძალიან სასიამოვნო პროცესია. ძალიან გამიხარდა, მსახიობების შემოქმედებით ჯგუფს რომ შევხედე. ძველი და ახალგაზრდა მსახიობების ერთობლიობა, არ შეიძლება, კარგი არ გამოვიდეს. ნიჭიერი და ცოცხალი ორგანიზმი მუშაობს ამ ნაწარმოებზე. გამორიცხულია, არ გამოვიდეს ისეთი, როგორიც საჭიროა.


- რას ფიქრობთ თქვენს როლზე?

 

- ძალიან საინტერესო როლია. ბატონ ზაზასთან მქონდა პირველი შეხვედრა, მე საერთოდ მიყვარს დისკუსია როლთან დაკავშირებით. ბატონმა ზაზამ თავისი ჩანაფიქრი მითხრა, მე ჩემი ვუთხარი და შევთანხმდით ერთ გადაწყვეტილებაზე, საინტერესო გამოვა. მალე დაიწყება საორკესტრო რეპეტიციები.


- რას უნდა ელოდოს მაყურებელი და როგორ ფიქრობთ, რა ემოციებს გამოიწვევს სპექტაკლი მათში?

 

- აქ ყველაფერია გაერთიანებული, ოპერაც, დრამაც, თანამედროვე მუსიკაც, ჯაზის ელემენტებიც... ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მაყურებელს მოვაწონოთ წარმოდგენა.


- სპექტაკლი ბევრი განსხვავებული სტილის შერწყმით გამოირჩევა. მიგიღიათ თუ არა აქამდე მსგავს პროექტში მონაწილეობა?

 

- თანამედროვე მუსიკაზე მიმუშავია. „ლა სკალაში" ვმონაწილეობდი შოსტაკოვიჩის „ლედი მაკბეტში" და ჩემთვის ახლოსაა თანამედროვე მუსიკა. სხვადასხვა გემოვნების მაყურებელი უნდა მოვიდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ სხვადასხვა გემოვნების მაყურებელმა მოიწონოს ეს ყველაფერი. იმას ოპერაც უნდა მოაწონო, აკრობატიკაც, ეს გვევალება.


- თქვენს როლთან დაკავშირებით ესაუბრეთ თუ არა გურამ დოჩანაშვილს? ხომ არ მიგიღიათ მისგან რიამე რჩევა?

 

- სამწუხაროდ, ბატონ გურამს შორიდან ვიცნობ. რეპეტიციაზე მოვა და შევხვდები აუცილებლად. ჩემს როლთან დაკავშირებით, ბატონი გურამ დოჩანაშვილის აზრი მაინტერესებს. კომპოზიტორის აზრი გავიგე და ახლა მაინტერესებს, პერსონაჟი მე როგორც წარმომიდგენია, თუ დამრთავს ბატონი გურამი ნებას რაღაც-რაღაცეებზე. მე მიყვარს საერთოდ ასეთი შეთანხმებები, ინტერპრეტაციები საოპერო საქმეში და ვნახოთ.

 

„სამოსელი პირველის" პრემიერა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში 31 მაისს გაიმართება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner