ჩვენ პატარა ერი ვართ, არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი, არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო, დადებითი მიზნის გარშემო - განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ვაქციოთ ის მართლა დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის ფორუმის მონაწილეებს, რომელიც მეორედ იმართება.
მთავრობის მეთაურმა ამ პროცესში დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძეს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი ინიციატივებისთვის, რომელთა მთავრობის მიერ დამტკიცებამ, ცხოვრება დიასპორის წარმომადგენლებისთვის გარკვეულწილად გაამარტივა.
პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს ასევე მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი და აღნიშნა, რომ მთავარი გაკვეთილი, რაც საქართველომ ამ წლების მანძილზე გავლილი ურთულესი გზიდან მიიღო, ერთიანობის აუცილებლობაა.
„ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მაქსიმალურად დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებისათვის. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენი დიასპორა ჩართული იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. თუნდაც, ახალგაზრდა ელჩების პროგრამა იძლევა საშუალებას ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობისთვის. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ, რათა საქართველო წარმოჩინდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ღირსეული, უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი და დინამიურად განვითარებადი ქვეყანა. ჩვენ კიდევ არაერთი ასეთი ინიციატივა გვექნება", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომლებიც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოში ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობას აძლევს. მათ შორის - სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები, რომლებიც ძალიან მცირედი საწყისი კაპიტალით და სახელმწიფოს დახმარებით საქართველოში ბიზნესინიციატივის განხორციელების საშუალებას იძლევა.
პრემიერის განცხადებით, სახელმწიფოს განსაკუთრებული მიდგომა აქვს იმ ინიციატივების მიმართ, რომლებსაც ქართული დიასპორის წარმომადგენლები იჩენენ.
„ეს და კიდევ არაერთი სხვა ინიციატივა იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი თანამემამულეები დაბრუნდნენ საქართველოში და ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იქმნება, ის განვითარების დღის წესრიგი, რომელიც საქართველოში არსებობს, მაქსიმალურად გამოიყენონ, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ და ის ურთულესი ცხოვრება, რომელიც დღეს ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში გააჩნიათ, შეცვალონ უკეთესობისკენ. ფორუმი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არის პლატფორმა ყველა თქვენთაგანის ჩართულობისთვის. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება დაბრუნდეს, ზოგიერთმა, შესაძლოა, ეს ახლო მომავლისთვის გადადოს, ზოგიერთმა, შესაძლოა, განაგრძოს უცხოეთში მოღვაწეობა. ჩვენ ყველა თქვენგანისთვის უნდა ვიყოთ გახსნილები, ჩვენ ყველა თქვენგანის ჩართულობა გვჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, რა სოციალურ ფენას მიეკუთვნება, რომელ ქვეყანაშია ჩვენი თანამემამულე, ყველას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ქვეყნის განვითარების საქმეში ჩაერთოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა, ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტისას, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ემოციური შეხვედრები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანის თვალებში იმედის ნაპერწკალი დაინახა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ მთავრობას არ აქვს უფლება, ეს იმედები არ გაამართლოს.
„ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ შევქმნათ წინაპირობები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული კულტურის კერების შექმნა და შენარჩუნება უცხოეთში. ამ მიმართულებით ჩვენი ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და მე არაერთი ასეთი წარმატებული მაგალითის მოწმე გავხდი, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში. ნამდვილად სასიხარულოა, რომ ასეთ კერებზე ნარჩუნდება, ვითარდება ქართული კულტურა და ეს არის საშუალება ქართველი ოჯახების გაერთიანებისთვის უცხოეთში. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დიასპორის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის და მინდა, მთელი მთავრობის სახელით გამოვთქვა მზადყოფნა, რომ გაგიხსნათ შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანაში, გავხსნათ ჩვენი გულები იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ", - მიმართა პრემიერმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში, გელა დუმბაძემ პრემიერ-მინისტრი დააჯილდოვა საპატიო მედლით - „ჩვენ გვაძლიერებს ყოველი, რაც გვაერთიანებს".
დიასპორის ფორუმს საქართველოს პრეზიდენტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.