logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე“: იწვოდა სიყვარულის ისტორია, იფერფლებოდა ლეგენდა... ტაძარს კი გაქცევა არ შეეძლო...
- +

16 აპრილი. 2019. 15:33

 

 

პატარამ წავიკითხე „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ და მახსოვს, კარგა ხანს ძილი დავკარგე... ჰიუგოს ეს ნაწარმოები „ქვაში გაცოცხლებული ისტორიაა“, ისევე როგორც ჩემი „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“.... ერთმა სიტყვამ „ბედისწერა“ ბედი დაუწერა ტაძარს...

 

დიდი მწერლების მოირაც ესაა: კონსტანტინე წერდა - ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს და მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება....

 

ჰიუგო კი ასე - „ადამიანი, რომელმაც ეს სიტყვა კედელზე დაწერა, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ხალხის მახსოვრობიდან წაიშალა, ტაძრის კედლიდან კი სიტყვაც თითქმის გაქრა. შეიძლება თვით ტაძარიც მალე აღიგავოს პირისგან მიწისა...“ შეიძლებაო, ანუ დასაშვებიაო, მაგრამ არ აღიგვება, არ დაიშვება... საოცარი ხალხი არიან ფრანგები.

 

გუშინ გაოცებული ვუყურებდი მათ სახეებს... ტკივილსაც რაღაცნაირად გამოხატავდნენ, თვალებზე ხელაფარებულები, დაჩოქილები,  სიჩუმეში გარინდებულები... ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა განძის გადასარჩენად და გასატანად... თუმცა, ტაძარი თავად იყო უდიდესი განძი.

 

წყლის ჭავლი მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენა, როცა ტაძარი თითქმის დააცარიელეს... გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დედამიწელი ვარ და ჩემი სამშობლო დედამიწაა, ზუსტად ისე მტკიოდა ტაძარი, როგორც ჩემი სვეტიცხოველი ამტკივდებოდა... იწვოდა სიყვარულის ისტორია, იფერფლებოდა ლეგენდა... ტაძარს კი გაქცევა არ შეეძლო.

 

რაღაცნაირად, ბავშვურად, ალალად ვფიქრობდი, რომ იქ შიგნით თოკით ეშვებოდა კვაზიმოდო და კედლებს ეხეთქებოდა.... ვწუხვარ, რომ აქ, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მყოფმა, ვერ მოვახერხე მენახა მსოფლიოს საოცრება... თუმცა, ისიც ვიცი, რომ პირვანდელი სიზუსტით აღადგენენ ტაძარს, იმიტომ რომ სიყვარული ფენიქსივითაა და ფერფლიდანაც აღდგება.

 

ვიზიარებ ფრანგი ხალხის მწუხარებას და ვუერთდები მსოფლიო სატკივარს....

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner